მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საგარეო ვალი 9.7 მილიარდი დოლარია

63aebc3e304ad
BM.GE
30.12.22 14:38
727
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საგარეო ვალის შესახებ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 9.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აქედან უშუალოდ სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი 7.3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო დანარჩენი საგარეო ვალი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის.

მთლიანობაში სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი მშპ-ის 42.8%-ია, ხოლო უშუალოდ მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 31.9%-ია. 

სახელმწიფო სექტორის გარდა საგარეო ვალი აქვს კერძო სექტორსაც, მათ შორის ბანკების ვალია 5.9 მილიარდი დოლარი, ხოლო სხვა სექტორების საგარეო ვალი 4.7 მილიარდი დოლარია. 

მთლიანობაში კერძო და სახელმწიფო სექტორების ვალი 22.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ის 97.5%-ია. 

საგარეო ვალის სტატისტიკა:

"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 868.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (16.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.7 მლრდ აშშ დოლარი (33.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 51.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (15.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.7 პროცენტია.

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 30.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 32.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 868.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 443.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები