სახელმწიფო უწყებები 2019 წელს ავტომობილებს ერთიანი ტენდერით შეიძენენ. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. როგორც შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საუბარია 2019 წელს ავტოპარკის კრიტიკულად აუცილებელ ოდენობაზე, თუმცა, რა ოდენობაზეა საუბარი და რატომ გახდა საჭირო კონსოლიდირებული ტენდერით ავტოპარკის შეძენა, უწყება დამატებით განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს.
მთავრობის დადგენილებით, გაფართოვდა იმ საქონლისა და მომსახურების სია, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ერთიანი(კონსოლიდირებული) ტენდერით შეიძენენ. აქამდე აღნიშნულ საქონელსა და მომსახურებას უწყებები ინდივიდუალურად, დამოუკიდებელი ტენდერებით ყიდულობდნენ. კონსოლიდირებული ტენდერით ამ ეტაპზე სახელმწიფო უწყებები მხოლოდ რამდენიმე დასახელების საქონელსა და მომსახურებას ყიდულობენ, როგორებიცაა: საწვავი, კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებები და ა.შ.
2019 წლიდან კი კონსოლიდირებული ტენდერით შეიძენენ ისეთ საქონელსა და მომსახურებას, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები, სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები, ფარმაცევტული პროდუქტები, ავტოტრანსპორტის დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.
2019 წლის 1 ივლისიდან კი ამ სიას შეუერთდება: წყალი, რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურებები, ფეხსაცმელი, ავეჯი და ა.შ.
საქონლისა და მომსახურების სრული სია იხილეთ აქ: http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(45)/3.pdf.aspx