მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზტრანსპორტით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან რეფორმა ჯერ არ დასრულებულა - კალაძე

63ac1f06859ca
მარიამ ვარადაშვილი
28.12.22 14:47
2887
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერიამ სრულად განაახლა, თუმცა გამოწვევები კვლავაც რჩება.

კალაძემ საკრებულოს წევრებს მოუწოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში მერიას საკუთარი იდეები გაუზიარონ.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად სრულად შევცვალეთ ყვითელი ავტობუსების პარკი. დღეს დედაქალაქს 800 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსი ჰყავს. ასევე განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკიც, რაც ასევე მძიმე მდგომარეობაში იყო. აღარ დავიწყებ ამის ახსნას. მაგრამ თუ მკითხავთ კმაყოფილი ვართ თუ არა იმით, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ცხადია გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი. შეუძლებელია იყო კმაყოფილი რამდენიმე მიზეზის გამო: რეფორმა არ დასრულებულა და გარდამავალ ეტაპზე ვართ.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ეტაპს გავდივართ. თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულების კუთხით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისი ზოლების გაჩენა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ეს საზოგადოებისთვის სიახლეა და ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ცხადია, არავის მოვუწოდებთ და არ იფიქროთ, რომ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მანქანები გააჩერეთ, აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. არა, მეგობრებო. ეს თქვენი ნებაა, ამ ქალაქში მაცხოვრებლის ნებაა იმგზავრებს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით, ეკომეგობრული ტრანსპორტით ან თუნდაც ფეხით გადაადგილდება. ეს მათი არჩევანია. უბრალოდ, ვპირდები მოქალაქეებს, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული იქნება”,-განაცხადა კალაძემ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კითხვა მერს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა საბა ბუაძემ დაუსვა. კერძოდ, ბუაძე დაინტერესდა, როგორ უნდა დაარწმუნოს ქალაქის მთავრობამ მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, როცა თავად მერიის თანამშრომლები ავტომობილებით დადიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები