ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები რეგულაციებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. პაპავას შეფასებით, სებ-მა აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ტიპის შეზღუდვები სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განახორციელოს.
„მის საუბარში ხაზი იყო გასმული რომ ის პოლტიკა რასაც დიდწილად ეროვნული ბანკი ახორციელებს, მომდინარეობდა სახელმწიფოსგან, პრემიერისგან და ფინანსთა მინისტრისგან. ეს გარკვეულწილად გვაფიქრებინებს იმაზე, რომ გარკველი საფრთხე შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ანუ საკითხავია რამდენად თავისუფალია ეროვნული ბანკი სახელმწიფოსგან. ის რეგულაციები, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშავდება და შემუშავდა, დიდი ნაწილი არის დამოკიდებული ეროვნული ბანკის მოვალეობებთან და არა იმასთან, თუ ვინ არის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროვნულ ბანკზე საუბარი“, - აცხადებს პაპავა და აღნიშნავს, რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგლაციების ფონზე რომელიც დაგეგმილია, მომავალში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპსაც საფრთხე ემუქრება.
პაპავა ივანიშვილის მიერ მოსახლეობის გაღარიბების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკიდურესს სიღარიბეში მცხოვრებ პირებს სესხი დოლარში და ევროში ისედაც არ ჰქონდათ და მათი გაუარესებული მდგომარეობა დღეს არა ჭარბვალიანობის, არამედ 2017 წელს გაზრდილ აქციზის გადასახადს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ივანიშვილმა მოსახლოების გაღარიბების მთავარ მიზეზად ჭარბვალიანობა დაასახელა და აღნიშნა რომ ეს მოხდა არა ინფლაციის არამედ დევალვაციის გამო. ივანიშვილმა ასევე განაცხადა რომ ახალი რეგულაციების მომზადებაში დიდი წვლილი იმჟამინდელ ფინასთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიუძღვის, ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილი კი თანამდებობა ფაქტობრივად ამ რეგულაციების დაგვიანების გამო დატოვა.