მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიდი ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის შემოქმედი კომპანია OpenAI გაფართოებაზე დაფიქრდა. ამჯერად, სემ ოლტმენი და კომპანია Windsurf-ის შეძენას განიხილავენ, რისთვისაც მზად არიან $3 მილიარდი გადაიხადონ. Windsurf-ი კოდის დასაწერად შექმნილი AI-მოდელია, რომელსაც უმეტესწილად პროგრამისტები იყენებენ. თუკი OpenAI-მ კომპანია შეიძინა, მაშინ ტექსტის საფუძველზე კოდის წერის ბიზნესში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდება. თავად ეს გარიგება კი, OpenAI-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.
კომპანია Windsurf-ი დიდი ხნის განმავლობაში Exafunction-ის სახელით პოზიციონირებდა, მაგრამ რებრენდინგის შედეგად იდენტობა შეიცვალა და $200 მილიონზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. გასულ წელს, კომპანია $1.25 მილიარდად იყო შეფასებული, ხოლო ბოლო პერიოდში, ახალ საინვესტიციო რაუნდს ატარებდა, რომლის შედეგად ინვესტორები კომპანიას სწორედ $3 მილიარდად აფასებდნენ, ანუ OpenAI-ის შემოთავაზება, სწორედ ამ ინფორმაციას ეფუძნება. თუკი OpenAI-მ Windsurf-ი მართლაც შეიძინა, გამორიცხული არ არის AI-ში კიდევ ბევრი შერწყმა ვიხილოთ.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად OpenAI-ზე, რომელმაც აპრილის დასაწყისში მასაიოში სონის SoftBank-ისგან $300-მილიარდინი შეფასების საფუძველზე $40 მილიარდი მოიზიდა, რითაც სემ ოლტმენი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა. მიმდინარე წელს, OpenAI-ის შემოსავალი, სავარაუდოდ, $12.7 მილიარდი იქნება, რაც შარშანდელ შემოსავალს 243%-ით აღემატება. მოგებაზე გასვლას კომპანია 2029 წლისთვის პროგნოზირებს, როცა მისი წლიური შემოსავალი $125 მილიარდამდე გაიზრდება.