არბოს მარანში ქვევრი გაიხსნა, 2017 წლის მოსავალი მზადაა და მალე მაღაზიებში გამოჩნდება.
შავკაპიტო ქართლის მივიწყებული ჯიშია. მას დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე მარანი აწარმოებს და ისიც მცირე რაოდენობით.
წინასწარი პროგნოზით წელს "არბოს მარანი“ დაახლოებით 500-500 ბოთლი თეთრი მშრალი ჩინური და წითელი მშრალი შავკაპიტოს ჩამოსხმას გეგმავს. როგორც შიოს მარნის დამფუძნებელი ამბობს, გასულ წელს უკეთესი მოსავალი იყო და აქედან გამომდინარე 2017 წლის მოსავალს უფრო მეტს ჩამოასხამენ.
"ეს ბევრი არ არის, თუმცა საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ მაღაზიაში შევიდეთ. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ რამდენიმე მაღაზიასთან, მათ შორის არის "8000 მოსავალი", "ქარვის ბარი", "ბიბლუს გალერი", "რეზერვი", "საფერე", ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე მდებარე ღვინის ბარები." - განაცხადა BM.ge-სთან შიო მაისურაძემ. მისივე თქმით, "არბოს მარანის" ნაწარმი აქტიურად იყიდება ონლაინ შეკვეთებითაც.
მაღაზიაში ღვინის ფასი 30-დან 45 ლარამდე მერყეობს. "სავარაუდოდ, წელსაც ასე იქნება, ეს დამოკიდებულია სავაჭრო ობიექტების ფასნამატზე. ეს არ არის დაბალი საფასო სეგმენტი, თუმცა ე.წ. "ორგანული" ღვინისთვის ნორმალურია. " - ამბობს შიო მაისურაძე.
"დაახლოებით 5-6 წლის წინ, როცა ეს ჯიში მოვამრავლეთ, კომერციული თვალსაზრისით გეგმები არც კონკრეტულად მის მიმართ და არც ზოგადად ღვინის მიმართ არ გვქონია. თუმცა მას შემდეგ, რაც ღვინის ჩამოსხმა გადავწყვიტეთ, ჩინურთან ერთად მცირე რაოდენობით 2016 წლის შავკაპიტოც ვცადეთ. " - ამბობს არბოს მარნის დამფუძნებელი შიო მაისურაძე.
"გასულ წელს, სრულიად უცნობი მარნის, უცნობ ღვინოს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. "არბოს მარანი" ინტენსიურად მუშაობს გაზრდაზე. დავამატეთ ქვევრები, რომელთა ნაწილი უკვე გამოვცადეთ. წელს შავკაპიტოს ახალ ვენახს ჩაყრით, რომელიც თავიდანვე ბიო მიმართულების სქემით დამუშავდება. უნდა ითქვას, რომ ამ ჯიშის ცუდი ცნობადობიდან გამომდინარე, ნერგის მოძიება საკმაოდ გაგვიჭირდა. გარდა ამისა, ვითანამშრომლებთ სახელმწიფო პროგრამებთან, თუკი ისინი განვითარებაში შეგვიწყობენ ხელს. ქართლის მეღვინეობის წინსვლის ტენდენცია იგრძნობა და ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ ამ საქმეში პატარა წვლილს ჩვენც შევიტანთ.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ვენახები საოკუპაციო ხაზის გასწვრივაა, საქმიანობა უფრო რთულია. გამოწვევაა, არ შეეგუო ამას და განვითარება სცადო, რასაც ემატება მაღალი ფინანსური რისკებიც. არ ვიცით რას იზამს რუსეთი ხვალ ჩვენს ტერიტორიებზე, მარამ გვჯერა, რომ ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ”, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.