"შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში", - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
„თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა, ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში "ოცნების" კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმათა 45.31% მოიპოვა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ კი 34.31%. ამდროისთვის 769 უბნიდან დათვლილია 445 უბნის შედეგები.