შს სამინისტრომ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ იქ, სადაც ბიზნესინტერესია დასაცავი, აუცილებლად დაიცავს,- ამის შესახებ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დაისვა კითხვები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რადგანაც პროექტების ნაწილის მშენებლობა შეჩერებულია მოსახლეობის პროტესტის გამო.
"ყველას გვესმის, რომ ეს რთული თემაა, მაგრამ იმ კონტექსტში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი დაზარალდეს, ბატონი გიორგისგან მივიღეთ მკაფიო პასუხი, რომ ის იქნება ბიზნესის მხარდამჭერი",- აცხადებს გიორგი ჭირაქაძე.