,,ზურაბ ღვალაძის მარანი“ ღვინის წარმოების ზრდას გეგმავს. საოჯახო მარანი, რომელსაც ღვინის წარმოების ასწლიანი ისტორია აქვს, თაობიდან თაობებს გადაეცა და დღეს იქ ორი დასახელების იმერულ ღვინოს - ,,ციცქას“ და ,,ციცქა-ცოლიკოურს“ ამზადებენ. ღვინო ნატურალურია და ტრადიციული იმერული წესით ქვევრში აყენებენ.
როგორც მარნის დამფუძნებელმა ზურაბ ღვალაძემ Bm.ge-ს განუცხადა, მარანს რესტავრაცია რამდენჯერმე გაუკეთეს, ღვინოს კი ბოთლირებული სახით 2011 წლიდან ამზადებენ, მას შემდეგ რაც ,,ღვინის კლუბის“ მიერ გამართულ გამოფენაში მოწონება დაიმსახურა.
,, პირველად მარანს რესტავრაცია ბაბუამ გაუკეთა, მას შემდეგ რაც სამამულო ომიდან დაბრუნდა, მანამდე მარანში ღვინოს მისი მამა ამაზდებდა, შემდეგ ტრადიცია მომავალმა თაობებმა გავაგრძელეთ. ვენახი ნახევარ ჰექტრაზე მაქვს გაშენებული, იმერული ჯიშები ციცქა და ცოლიკოური მომყავს, რომლებისაგანაც თეთრ მშრალ ღვინოს ვამზადებ. ბოთლში ჩამოსხმის სტიმული გამოფენამ მომცა, სადაც ჩვენი ღვინომ მოწონდება დაიმსახურა, მათ შორის უცხოელი ტურისტების მიერ“ - განაცხადა ზურაბ ღვალაძე.
,,ზურაბ ღვალაძის“ მარანი ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩაში მდებარეობს. მარანში წელიწადში საშუალოდ 2 ათას ბოთლ ღვინოს ამზადებენ, თუმცა წელს რაოდენობას 3 ათასამდე გაზრდიან.
,,აქამდე ღვინოს ნაწილობრივ ჩამოსასხმელი სახითაც ვყიდიდი, რადგან მოთხოვნა ბოთლის ღვინოზე გაიზარდა, წელს გადავწყვიტე მთელი მოსავალი ბოთლში ჩამოვასხა. ღვინოს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე სპეციალიზებულ მაღაზიებში და რესტორნებში ვყიდით, ბოთლში 22-23 ლარს გვიხდიან, თუმცა სამომავლოდ ექსპორტის ზრდას ვაპირებთ. ჩვენი ღვინო, მცირე რაოდენობით, უკვე გაიყიდა გერმანიაში და აშშ-ში“ - განაცხადა ზურაბ ღვალაძემ.