საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ პირებს, კრედიტის მისაღებად შემოსავლების დადასტურება გაუჭირდებათ. როგორც ზამბახიძე bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ახალი რეგულაციები, რომელიც საფინანსო სექტორში იგეგმება ფერმერებისთვის გამოწვევა იქნება.
„გამომდინარე იქიდან, რომ თვითდასაქმებულები გათავისუფლებული არიან 200 000 -მდე საშემოსავლოთი, ანუ მათი რეალიზების არეალი არის აგრარული ბაზარი, სადაც მათ ნაღდი ანგარიშსწორებით უფიქსირდებათ თანხა და არა - ჩარიცხვით, ამიტომ მათ ძალიან გაუჭირდებათ იმის დადასტურება, რომ მათ აქვთ შემოსავალი. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათ აღარ მიეცემათ სესხი საფინანსო ინსტიტუტიდან ნებისმიერი სამომხმარებლო ნივთის შეძენისათვის. ამიტომ, მოკლევადიან პერიოდში, ეს ძალიან დიდი და მტკივნეული გამოწვევა იქნება თვითდასაქმებული ადამიანისთვის,“- აცხადებს ნინო ზამბახიძე.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე დაკრედიტების პოლიტიკის შესაძლო შედეგებზეც საუბრობს. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სფერო დაკრედიტების კუთხით ისედაც არ იყო მიმზიდველი, ცვლილებების შემდეგ კი იგი სამომხმარებლო დაკრედიტების კუთხითაც აღარ იქნება საინტერესო.
„მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ცოტა დროში უნდა იყოს გაწელილი, რომ ადამიანები რაღაცისთვის მოემზადონ.
ყველაფერი რეგულირდება თუ არსებობს კეთილი ნება და სწორად უხსნი ადამიანს, რა უნდა გააკეთოს. მგონია, რომ ცოტა უფრო მეტი საინფორმაციო კამპანია რომ ყოფილიყო, ცოტა უფრო მეტი განათლება რომ ქონდეთ ამ ადამიანებს დაფინანსების, დაკრედიტებისა და, ზოგადად, სესხის აღების კუთხით უფრო კარგი იქნებოდა.
დღეს არის სერიოზული გამოწვევა ადამიანებს შორის კომუნიკაციის კუთხით. დიდ ქალაქებში რაღაც გადაწყვეტილებები მიიღება და შემდეგ რეგიონებამდე ეს გადაწყვეტილებები მეოთხე და მეხუთე პირის მეშვეობით მიდის. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია. შეიძლება ეს კანონპროექტი არც იქცეს გამოწვევად, თუ სწორად მივაწვდით ინფორმაციას“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.
შეგახსენებთ, რომ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის წევრი ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში თვითდასაქმებული ადამიანების დაკრედიტება პრობლემა გახდება. ამის მიზეზად, ის ეროვნული ბანკის საცალო დაკრედიტების ინსტრუქციის ახალ დოკუმენტს ასახელებს. შენგელიას თქმით, ეროვნული ბანკი ავალდებულებს მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, რომ დასამტკიცებლად წარუდგინონ საკრეტიტო პორტფელები და საკრედიტო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სექტორში, სადაც ისინი მსესხებლების შემოსავალებს დაადასტურებენ, თუმცა კრიტერიუმები, რის საფუძველზეც უნდა ჩამოაყალიბონ ეს პოლიტიკა, მითითებული არ არის.