სტამბოლში რიგით მესამე ახალი აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა
სტამბოლში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნა. ამ გახსნის საზეიმო ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ესწრებოდა.
ახალი აეროპორტი ერთი დიდი ტერმინალით წელიწადში 90 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება და სიმძლავრე 200 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. აეროპორტიდან პირველი ფრენა კი წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს განხორციელდება.
საწყის ეტაპზე აეროპორტი Turkish Airlines-ის რამდენიმე რეისს მოემსახურება. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია ახალი აეროპორტიდან სამ შიდა: ანკარას, იზმირის და ანტალიის, ასევე ერთ საერთაშორისო - ბაქოს რეისს განახორციელებს.
ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება, მასში განთავსდება:
რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია, თვითმომსახურების 114 ჯიხური; ბარგის ჩასაბარებელი თვითმომსახურების 51 ჯიხური; 228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი; 77 გასასვლელი და Duty Free-ს ზონა, რომელიც 55 ათას კვ/მ ზე იქნება გადაჭიმული;
ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ით არის დაშორებული და სტამბოლთან მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ახალი ხაზი მგზავრებს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდნენ. თუმცა ამ დროისთვის მეტრო არ არსებობს, მისი მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება.
რიგით მესამე ახალი აეროპორტის მშენებლობის ტენდერი 26.14 მლრდ ევროიანი შეთავაზებით ერთ-ერთმა (Limak-Kolin-Cengiz-MaPa-Kalyon ) კომპანიამ მოიგო. მთავრობის გათვლებით ექსპლუატაციაში გაშვებიდან 25 წლის შემდეგ, აეროპორტის მოგება 22,2 მლრდ დოლარი იქნება.
რაც შეეხება ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ის მხოლოდ კერძო ავიარეისებს, ოფიციალურ ვიზიტებსა და თურქეთის საჰაერო ადმინისტრაციას მოემსახურება.
საფონდო ბირჟები