მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stellantis-ი და CATL-ი ესპანეთში EV-ბატარეების $4.3-მილიარდიან ქარხანას ააშენებენ

Stellantis / CATL

საერთაშორისო საავტომობილო კონგლომერატმა, ნიდერლანდურმა Stellantis-მა, რომელიც რამდენიმე ამერიკულ, იტალიურ და ფრანგულ ბრენდს აერთიანებს, ესპანეთში ელექტო ბატარეების გიგანტურ საწარმოს ააშენებს. ამ პროექტში, რომლის საინვესტიციო ღირებულება $4.3 მილიარდია, ჰოლდინგის პარტნიორი მსოფლიოში ელექტრო ბატარეების უდიდესი მწარმოებელი, ჩინური CATL-ი იქნება. ქარხნისთვის, რომელიც წლიურად 50 გიგავატ-საათის მოცულობის ბატარეების წარმოებას ისახავს მიზნად, მხარეები ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომლის თანაბარი მეწილეები იქნებიან.

ქარხანა, რომელიც ესპანეთში 2026 წლისთვის აშენდება, Stellantis-ის ჰოლდინგში შემავალი ბრენდების ავტომობილებს ლითიუმ-რკინის ფოსფატის ბატარეებით მოამარაგებს. ამ ტიპის ბატარეებს ფაქტობრივად ყველა კომპანიის მიერ წარმოებულ ელექტრომობილში ვხვდებით, მათ შორის Ford-ის ელექტრომობილებში, Mustang Mach-E-ში და F-150 Lightning-ში. ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობები მისი ხანგრძლივობა, უსაფრთხოება და ღირებულებაა, რაც ბატარეაში კობალტის და ნიკელის არარსებობას უკავშირდება. თუმცა ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით, ამ ტექნოლოგიას ნაკლოვანებებიც აქვს, მათ შორისაა ნაკლები ტევადობა, სიცივეში შემცირებული ეფექტიანობა და დამუხტვისთვის საჭირო უფრო დიდი დრო.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად CATL-ზე, რომელიც ელექტრობატარეების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია. China’s Contemporary Amperex Technology, ანუ შემოკლებით CATL-ი ჩინეთში 2011 წელს დაფუძნა, მაგრამ მალევე იქცა გლობალურ მოთამაშედ, რომელთა კლიენტებს შორის BMW, Daimler-ი, Hyundai, Honda, Tesla, Toyota, Volkswagen-ი და Volvo ირიცხებიან. ელექტრობატარეებს კომპანია ჩინურ ავტომწარმოებლებსაც აწვდის, რომელთა შორის Li Auto, NIO, Geely და სხვები არიან. CATL-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $164.5 მილიარდის ტოლია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 91-ე ადგილს იკავებს. წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციები 64%-ითაა გაძვირებული.

თუმცა თუ CATL-ის ბიზნესი მდგრადად ვითარდება, რაც კომპანიის საბაზრო შეფასების ზრდაზე დადებითად აისახება, Stellantis-ის მდგომარეობა, ამ მხრივ, საგანგაშოა. ნიდერლანდური ჰოლდინგი, რომლის საკუთრებაში ამერიკული Dodge-ი, Ram-ი, Jeep-ი და Chrysler-ი, იტალიური Alfa Romeo, Fiat-ი, Maserati, ფრანგული DS-ი, Peugeot და Citroen-ი, გერმანული Opel-ი და ბრიტანული Vauxhall-ი არიან, ბოლო წლებში, ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. 2024 წლის მარტში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, კომპანიის აქციები 50%-ით არის გაუფასურებული, რასაც, ცოტა ხნის წინ, კომპანიის დირექტორი, კარლოს ტავარესი გადაჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები