მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ ჯანყარაშვილის კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

5af976c12de93
თამუნა დემეტრაშვილი
14.05.18 15:44
547
თამარ ჯანყარაშვილის კუთვნილი კომპანია ,,სერპანტინის” საჩივარი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს საკუთარი გადაწყვეტილების გადასინჯვა დაავალა, თუმცა ,,სერპანტინი” დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

საუბარია საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ორ ტენდერზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 1,3 მილიონი ლარია. კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში - "ხარჯთაღრიცხვის დასკანერებისას ფურცლის მარჯვენა არეს ჩამოჭრა" გახდა, რის შედეგადაც განფასების ჯამი აღარ იკითხებოდა.
მუნიციპალიტეტმა კი ჩათვალა, რომ დოკუმენტის დაზუსტება მის არსებით ცვლილებას გამოიწვევდა, რისი უფლებაც თვითმმართველობის ორგანოს არ ჰქონდა. მიზეზს არ ეთანხმებოდა ,,სერპანტინი’’- ,,ყველა განფასების ერთეულის ფასები გარკვევით ჩანს ხარჯთაღრიცხვაში და შესაბამისი ნამრავლებიც. არ ჩანს მხოლოდ ჯამი და ისიც მხოლოდ გარკვეულ ფურცლებზე, შესაბამისად მიგვაჩნია რომ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება არანაირად არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას", - აღნიშნავდა კომპანია საჩივარში.

საბოლოოდ, დავების საბჭომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს დაავალა დეტალურად იმსჯელოს და ახსნას, რატომ ჩათვალა სატენდერო კომისიამ, რომ დაზუსტებით, საბოლოო ხარჯთაღრიცხვა შეიცვლებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, იქნება ეს დისკვალიფიკაცია, თუ, ,,სერპანტინის” სატენდერო პროცესში დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სერპანტინის“ 51%-ის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც შსს-ს ყოფილი მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და გენ. ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის ნათესავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები