როგორც Apple-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა კომპანიის უახლესი ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას განაცხადა, მსოფლიოში არსებული სავაჭრო დაძაბულობის და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის დაწესებული 145%-იანი ტარიფების პირობებში, Apple-ის ხარჯები წელს დაახლოებით $900 მილიონით გაიზრდება. ეს პროგნოზი ნეგატიურია, ანუ ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ ტარიფების მოცულობა, ისევე, როგორც დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.
კომპანიის ოპერაციებზე ტარიფების ზემოქმედების შესამცირებლად, ამერიკული კომპანია მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირებას ცდილობს და წარმოების უდიდესი ნაწილი ჩინეთიდან ინდოეთსა და ვიეტნამში გადააქვს, ანუ ქვეყნებში, რომელთა მიმართ დონალდ ტრამპი მეტად ლმობიერი აღმოჩნდა. ტიმ კუკის თქმით, ამ კვარტალში აშშ-ში გაყიდული iPhone-ების უმეტესობა ინდოეთში იქნება წარმოებული, ხოლო iPad-ების, Mac-ების, Apple Watch-ების და AirPods-ების წარმოებას კომპანია უმეტესწილად ვიეტნამში გადაიტანს.
შეგახსენებთ, რომ ტარიფების ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, Apple-მა ინდოეთიდან iPhone-ებით და სხვა პროდუქტებით აღვსილი ხუთი თვითმფრინავი გამოგზავნა. როგორც ჩანს, ინდოეთთან ერთად, Apple-მა მარაგები ჩინეთიდანაც გამოიტანა, რომელსაც დონალდ ტრამპმა ყველაზე მკაცრი ტარიფები დაუწესა. ამრიგად, ამერიკის შეერთბულ შტატებში პროდუქციის დარეგისტრირებას Apple-ი უფრო ადრე შეძლებს, რაც გარკვეული დროის განმავლობაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ინდოეთი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოა, იაფი მუშახელითაა გამორჩეული, რის გამოც, ბოლო წლებში, Apple-მა იქ არაერთი საწარმო გახსნა. ამ გზით, ტიმ კუკი და კომპანია წარმოების დივერსიფიკაციას ცდილობენ, რადგან, როგორც დრომ აჩვენა, ჩინეთზე დამოკიდებულება დიდი რისკის შემცველია, როგორც უშუალოდ კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. თუ ტარიფები არ გაუქმდა და Apple-მა წარმოების უდიდესი ნაწილი ინდოეთში გადაიტანა, კომპანია უკეთესი საგადასახადო პირობებით ისარგებლებს, რადგან დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფი ერთბაშად 28 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია.
ისე კი, ტარიფების ზემოქმედების მიუხედავად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Apple-მა $95.4 მილიარდის შემოსავალი და $24.8 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, რაც ორივე მიმართულებით წლიურად დაახლოებით 5%-იანი ზრდაა. ტარიფების ეფექტის შესამცირებლად, Apple-ი აშშ-ის ეკონომიკაში $500-მილიარდიან ინვესტიციასაც აანონსებს, რომელიც ახალი საწარმოო ობიექტების აშენებას და ოპერაციული ხარჯების გაზრდას მოხმარდება. გარდა ამისა, კომპანია აგრძელებს ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში და სხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებში.