ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ფონზე, საინვესტიციო ბანკირები და დირექტორები ბიზნესის გაფართოების სტრატეგიებს ცვლიან. ეს უკვე აისახა გლობალური ეკონომიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორის, შესყიდვების და გარიგებების ტენდენციის შემობრუნებაში. დღეს, კომპანიები უფრო ნაკლებ M&A-ის ტიპის გარიგებაში შედიან, ვიდრე პანდემიის და 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
2025 წლის მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 555 M&A-ის ტიპის გარიგება შედგა, რაც ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანაში 2009 წლის მაისის შემდეგ დაფიქსირდა. გლობალურ ჭრილში კი, ბოლო დროს შემდგარი გარიგებების რაოდენობა 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. M&A-ის ტიპის შეთანხმებებთან ერთად იკლებს კომპანიების მიერ აქციების საჯაროდ განთავსების მაჩვენებელი და ყველაფერი ეს იმ დიდ გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული, რომელიც დონალდ ტრამპმა გლობალურ ეკონომიკაში შემოიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, აშშ-ის უდიდესი ბანკები საგანგაშო პროგნოზებს ავრცელებენ. Morgan Stanley-ის შეფასებით, დღეს არსებული ვითარებაზე იმაზე უფრო გაურკვეველია, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო. არაბუნებრივად მაღალი ტარიფები და სავაჭრო ომით გამოწვეული ინფლაციური რისკი აშშ-ის ფედერალურ რეზერვს რთული გადაწყვეტილების წინაშე აყენებს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელება ან რეცესია გამოიწვიოს. ანალოგიური შეფასება რამდენიმე კვირის წინ JPMorgan-მა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაავრცელეს.