პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ფინანსური ინსტიტუტების რეგულირების საკითხს დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან რიგ საკითხებში შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით არსებული პოზიცია გაუგებარია. ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
"ყოველთვის, როცა რაიმე ტიპის რეგულაციაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება - არეგულიროს რამე, არ უნდა გადაეზარდოს ძალაუფლების ხიბლში, რომ არეგულიროს ყველაფერი.
თუმცა, მიმაჩნია, რომ მთელ რიგ სფეროებში გარკვეული ტიპის გამკაცრება იყო საჭირო. ამ მხრივ მე სრულად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოზიციას. მათ ეტაპობრივად დაიწყეს მიკროსაფინანსო ორგანზიაციების რეგულირებით. მინიმუმ მიკროსაფინასო კომპანია "საქართველოს" მაგალითმა გვაჩვენა, რომ ამ ნაწილში ვიყავით ძალიან დაუცველები. უნდა ვიცოდეთ, რომ თავქუდმოგლეჯით სესხება არ შეიძლება, როცა ვიცით, რომ ამ ყველაფრის უკან არაფერი არ დგას. რა ხდება მერე? მერე მოდიან ეს ადამიანები და სახელმწიფოს სთხოვენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ რაც უნდა გააკეთოს არის ის, რასაც აკეთებს. რეგულაციები უნდა იყოს ისევ მოქალაქეების დასაცავად, რომ მათ მიიღონ უფრო მეტად გონივრული გადაწყვეტილებები. თუმცა, რიგ საკითხებში მე მაკლია გათვლები. აუცილებელია, დავთვალოთ რეგულაციების შედეგები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.