ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ შეხვედრა ტაქსის კომპანიებთან, ბიზნესომბუდსმენთან, პროფკავშირებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან გამართა. ყველა ეთანხმება დასახულ მიზანს, რომ ტაქსის ინდუსტრია გაუმჯობესდეს და შეიქმნას თამაშის საერთო წესები, თუმცა ტაქსის მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების ნაწილს ცვლილებებთან დაკავშირებით კვლავ რჩება კითხვები.
„რა თქმა უნდა, არის ღიად დარჩენილი კითხვები, რომელიც დამუშავდება და მოიცავს ტაქსის როგორც კონვენციურ, ისე თანამედროვე მეთოდებს. თუ ყველა თანაბარ პირობებში ჩადგება, მგონი ეს ხარისხს მხოლოდ გააუმჯობესებს. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულად რა ჩაითვლება ტაქსის სერვისად, ექნება თუ არა ტაქსის ლიცენზიის მფლობელს ქუჩაში აყვანის უფლება და არამფლობელი იქნება თუ არა ამ უფლების გარეშე. შეეძლება თუ არა ორ მხარეს შეთანხმდეს ტრანსპორტირებაზე და იქნება თუ არა გამონაკლისები? ფერი, სანიშნე ნიშანი და ა.შ . ეს საკითხები არის ალბათ დღის წესრიგში, რომ დაიხვეწოს. თუ ყველაფერი ისე განვითარდება, რომ საერთო მიზანს მოემსახუროს, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს, ჩვენ მხარს დავუჭერთ“-აცხადებს TaxiFy-ს დამფუძნებელი და დირექტორი, კახა აზნაურაშვილი.