მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილღვინოს" ტურიზმის მიმართულების განვითარებაში მსოფლიო ბანკი დაეხმარება

5b055d5f60d0d
მაია ბიწაძე
23.05.18 16:21
1044
კომპანია "თბილღვინოს" ტურიზმის მიმართულების განვითარებაში „მსოფლიო ბანკი“ დაეხმარება,- ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, ლაშა ლომაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დღეებში კომპანიაში სტუმრად იმყოფებოდა „მსოფლიო ბანკის” აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია და იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომპანიამ IFC-ის დახმარებით უკვე განახორციელა.

“14-16 მაისს ჩამოსული იყვნენ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, ისინი შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ვინაიდან ჩვენ 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ IFC -ისთან, ,,თბილღვინოშიც“ გვესტუმრნენ. მათი დახმარებით 2012 წელს ყვარელში საწარმო ავაშენეთ, ხოლო 2013 წელს დავიწყეთ ვენახების გაშენება. ამ პროექტის ფარგლებში 200 ჰექტარი ვენახი გავაშენეთ. ორივე პროექტის ღირებულება 7 მილიონი დოლარი იყო. ჩავატარეთ პრეზენტაცია ამ პროექტების შედეგების შესახებ, გავაცანით კომპანიის არსებული მდგომარეობა და შევთანხმდით, რომ ჩვენი პარტნიორობა სამომავლოდაც გაგრძელდება”,- განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.

კომპანია ,,თბილღვინო“ მსოფლიო ბანკთან ერთად კიდევ ორ პროექტს განახორციელებს, რაც დამატებით ვენახების გაშენებას და ტურისტული ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს.

“გვინდა კახეთში დამატებით 170 ჰექტარი ვენახის გაშენება და ტურისტული ცენტრის მოწყობა, სადაც პრემიუმკლასის ღვინოების საწარმო განთავსდება. აქ დავამზადებთ განსაკუთრებული მარაგის და ქვევრის უმაღლესი ხარისხის ღვინოებს, რომლებიც ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცევა. ამ პროექტების განხორციელებაში ისევ IFC დაგვეხმარება.

მსოფლიო ბანკთან ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენთვის დიდი წარმატებაა, რადგან, როგორც წესი, ეს ორგანიზაცია თავს იკავებს აგროსფეროს დაფინანსებისგან და კონკრეტულად ღვინის მიმართულებით ჩვენი კომპანია ერთადერთია ვინც მათი დაფინანსების მოპოვება მოახერხა“, - განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროექტების ჯამური ღირებულება 8 მილიონი დოლარია. საიდანც მნიშვნელოვან ნაწილს IFC დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები