თბილისის მწვანე საფარის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ,,საქმიანი დილა“-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, წლებია არ განხორციელებულა მასშტაბური ფიტოსანიტარული ღონისძიებები და არ გამოცვლილა მწვანე საფარი.
"წლევანდელი ბიუჯეტი, რომელიც მერიას აქვს გამოყოფილი თბილისის მწვანე საფარის რეაბილიტაციასა და პროექტირებებზე, არის უპრეცედენტოდ დიდი. დაახლოებით 10 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ამისთვის" - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე განმარტებით, წელს მოხდება ორი დიდი საქალაქო პარკის, კერძოდ წურწუმიას ბაღის და გოძიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია, ასევე მალე დაიწყება დიდი სკვერის რეაბილიტაცია გლდანში. საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება ამ ლოკაციებისთვის დასრულების ეტაპზეა.
როგორც მერის მოადგილე აცხადებს, წელსვე ადღდგება მწვანე საფარი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, მათ შორის ჭავჭავაძესა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
"ჩვენ ასევე დავიწყეთ ქუჩებში მწვანე საფარის აღდგენა და რეაბილიტაცია. დაახლოებით 19 ლოკაცია და 970 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი გვაქვს შერჩეული, სადაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ პროექტის განხორციელება. ყველა დიდ ქუჩაზე, მათ შორის ჭავჭავაძესა და ვაჟა-ფშაველაზე დასრულდება მწვანე საფარის რეაბილიტაცია. ამასთან, მოწყობილი იქნება სარწყავი სისტემებიც, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა მაია ბითაძემ.