დედაქალაქში ზაფხულის სეზონზე ქვეწარმავლების დაჭერის რამდენიმე ასეული შემთხვევა უკვე დაფიქსირდა - ყველაზე ხშირად მათ თბილისის შემოგარენში ამჩნევენ, როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, შემთხვევები თბილისის ცენტრალურ უბნებშიც ფიქსირდება, თუმცა სააგენტოში გამორიცხავენ შხამიანი გველების არსებობას.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან დღეის მდგომარეობით, თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს. აქედან იანვარში დაიჭირეს 3, თებერვალში 1, მარტში 3, აპრილში 15, მაისში 140, ივნისში 82. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა BMG -სთან აღნიშნა, ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია.