თერჯოლელი მეღვინეების მიერ დამზადებული ღვინო საფრანგეთსა და გერმანიაში იყიდება, ამის შესახებ BM.ge-ს კოოპერატვი ,,თერჯოლის ღვინო“-ს დამფუძნებელმა გოგიტა მაკარიძემ განუცხადა. გოგიტა 24 წლის იყო, როდესაც ვენახების გაშენება დაიწყო, მევენახეობისა და ღვინის წარმოების შესახებ ცოდნა ოჯახიდან მემკვიდრეობით მიიღო, მისი წინაპრების რამდენიმე თაობა სწორედ ამ საქმიანობას ეწეოდა.
2014 წელს, თანასოფლელები შეკრიბა და კოოპერატივი ჩამოაყალიბა, სადაც დღეს უკვე 14 ადამიანია გაწევრიანებული. კოოპერატივის მიერ წარმოებული ღვინოები 2016 წლიდან ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და დანიაში იყიდება, წელს კი ამ ჩამონათალს გერმანია და საფრანგეთიც შეუერთდა.
"ჩვენი ვენახები თერჯოლაში ერთმანეთის მომიჯნავედაა, ჯამში 5 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ოცხანურის საფერე, ციცქა, ცოლიკოური და ალადასტური, რომლისგანაც შვიდი სახეობის ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებთ. წელიწადში 8 ტონამდე ღვინოს ვიღებთ, რაც დაახლოებით 11 ათასი ბოთლია. წელს წარმოების 10-12 ტონამდე ზრდას ვგეგმავთ, რადგან ნატურალურ ღვინოზე მოთხოვა ყოველწლიურად იზრდება. ვაპირებთ ვენახების გაფართოებასაც, 3 ჰექტარი მიწა გვაქვს, სადაც ვაზს გავაშენებთ. გვინდა კოოპერატივი ისე გაიზარდოს, რომ ჩვენი ვენახები 30 ჰექტარს შეადგენდეს, წევრთა რაოდენობა კი 40 ადამიანს", - განაცხადა გოგიტა მაკარიძემ.
ღვინის წარმოება და ექსპორტზე გატანა კოოპერატივმა 2016 წელს დაიწყო, რაშიც მას ევროკავშირის პროექტი ENPARD დაეხმარა. 2014 წელს ამ ორგანიზაციიდან 40 ათასი ევროს ოდენობით გრანტი მიიღეს, რითაც ღვინის ქარხნისთის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა შეიძინეს და საჭირო ტრეინინგები გაიარეს.