ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, ByteDance-ის განცხადებით, ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია თავისი სოციალური ქსელის, TikTok-ის ილონ მასკზე მიყიდვას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს იდეა სრული აბსურდია და ინვესტორებმა Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ უნდა დაუჯერონ.
ByteDance-ის განმარტებით, კომპანია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 19 იანვარს გახდება ცნობილი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა ძალაში უნდა დატოვოს ან ეს აღმასრულებელი ბრძანება უნდა გააუქმოს, რომლითაც ჩინურ სოციალურ ქსელს ოპერირების გაგრძელება უპრობლემოდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა TikTok-ი ულტიმატუმის წინაშე დააყენა - მის მფლობელ კომპანიას სოციალური ქსელი ან ამერიკელ ინვესტორზე უნდა მიეყიდა ან TikTok-ს აშშ-ის ბაზარზე ოპერირება უნდა შეეწყვიტა. ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჩინურმა კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და ამჟამად ის უზენაესი ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდება.