მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tinder-ის მფლობელი Match Group-ის აქციები ერთ დღეში 10%-ით გაუფასურდა

Tinder

გაცნობის აპლიკაციებისთვის შავი დღე გრძელდება. ამჯერად, მორიგი ფიასკო Tinder-ის მფლობელმა Match Group-მა განიცადა, რომლის აქციები ერთ დღეში თითქმის 10%-ით გაუფასურდა.

საფონდო ბირჟის ნეგატიური რეაქცია კომპანიის მიერ გავრცელებულმა პროგნოზირებულზე ცუდმა კვარტალურმა შედეგებმა გამოიწვია. 2025 წლის პირველ კვარტალში Match Group-ის შემოსავალმა $831 მილიონი შეადგინა, რაც 3%-იანი კლებაა.

შემოსავალთან ერთად, მკვეთრად, კერძოდ 7%-ით იკლო საოპერაციო მოგებამ, რომელმაც საანგარიშო პერიოდში $173 მილიონი შეადგინა. ამასთან, Match Group-მა აქციების გამოსყიდვა და დივიდენდი დააანონსა.

მაშ, რატომ მცირდება Match Group-ის აქციების ფასი, თუკი კომპანია ჯერაც მოგებიანია? ამ კითხვაზე პასუხს გაცნობის აპლიკაციების ბუნებაში უნდა ვეძებოთ, რადგან ამ ტიპის კომპანიების მიერ არჩეული ბიზნესმოდელი არამდგრადია. ამ ტიპის სოციალურ ქსელებს მომხმარებლები ისე აქტიურად აღარ იყენებენ, როგორც ადრე, რაც უკავშირდება, როგორც აპლიკაციებში ქალების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, ასევე კაცების არაეთიკურ ქცევას და ასეთი აპლიკაციების გაუგებარ კომერციულ ინტერესს და არამყარ შემოსავლის წყაროებს.

გაცნობის აპლიკაციების ბუმი პანდემიის დროს ვიხილეთ, როცა მსოფლიო სახლში ჩაიკეტა და სოციალური ცხოვრება ფაქტობრივად ერთ დღეში დასრულდა, ადამიანებმა, რომელთაც სხვა ადამიანების გაცნობა სურდათ, Tinder-ის და Bumble-ის მსგავს აპლიკაციებს მიაშურეს, ხოლო ამ კომპანიების საბირჟო კაპიტალიზაცია ცას ეწია. იყო დრო, როცა Match Group-ის შეფასება $48.8 მილიარდი იყო, მაგრამ მას შემდეგ, Tinder-ის მფლობელი კომპანიის აქციები 84%-ითაა გაუფასურებული. ასეთივე უარყოფით დინამიკას ვხვდებით Bumble-ის ჭრილში, რომელიც პიკის შემდეგ 93%-ით გაუფასურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები