,,ტირიფონის ბაღები“ მომავალი სეზონისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს, რაშიც სავარაუდოდ, 2 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, მომავალ წელს 950 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდებიან, ამიტომ სამაცივრე მეურნეობის მოწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა პროდუქციის შენახვა მოხერხდეს.
,,ტირიფონის ბაღებმა“ წელს 400 ტონა ვაშლის მოსავალი მიიღო.
,,ტირიფონის ბაღები“ გორში 67 ჰექტარ მიწას ფლობს, საიდანაც 37 ჰექტარზე ხეხილია გაშენებული.
კერძოდ, 31 ჰექტარზე ვაშლისა და მსხლის თანამედროვე ჯიშებია დარგული, ხოლო 6 ჰექტარზე - ქლიავი და შინდი.
კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო; მიმდინარე წელს 15 ჰექტარი ხეხილი გააშენეს.
,,ტირიფონის ბაღებმა“ ევროპული სტანდარტი Global Gap დანერგა, რაც მას პროდუქციის ევროპულ ბაზარზე ექსპორტში დაეხმარება, თუმცა, საწყის ეტაპზე, კომპანია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას და იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს.
„მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიცირებული კომპანია ვართ, ჩვენ არ დაგვისახავს მიზნად ხილის უცხოეთში გატანა; ვცდილობთ, საქართველოში მოვიპოვოთ ადგილი და იმპორტი ჩავანაცვლოთ, წლევანდელ მოსავალს მთლიანად ადგილობრივ ბაზრზე გავყიდით, ეს ფასების შემცირებას გამოიწვევს. ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის ვაშლის პროდუქცია გვაქვს და ის მაღაზიაში (კილოგრამი) 1,70 ლარი ღირს.
ჩვენ ვაშლისა და მსხლის ბაღები სუპერ ინტენსიური ტექნოლოგიით გავაშენეთ, რაც ითვალისწინებს ჰექტარზე საშუალოდ 3 ათასი ძირი ნერგის დარგვას. ეს არის ახალი ევროპული ჯიშები, რომლებიც კარგი ვიზუალით, გემოვნური თვისებებით და გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენი პარტნიორი იტალიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სანერგე მეურნეობაა, რომელიც სეზონზე მილიონ ნერგს ყიდის“, - აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი.
მისივე განმარტებით, სამომავლოდ კომპანია ხილის შესაფუთი და დამახარისხებელი თანამედროვე დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც ევროპულ ბაზარზე ხილის გატანისთვის აუცილებელია.
,,იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეთ, რომელსაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს, გარდა იმისა, რომ კარგი ხარისხის პროდუქცია უნდა გქონდეს, საჭიროა, მისი შესაბამისი გაფორმებაც. კერძოდ, ხილი უნდა იყოს სწორად დახარისხებული, ზომის, ფერის მიხედვით, არ უნდა შეიცვდეს ხარვეზიან პროდუქტს, ამას სჭირდება თანამედროვე დამხარისხებელი დანადგარები, რაც ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებასაც ვგეგმავთ, სამაცივრე მეურნეობასთან ერთად“ - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.
,,ტირფონის ბაღებს“ ექვსი ჯიშის ვაშლი - Gala Red Delicious, Golden Delicious, Pinova Red, Jonaprince, Fuji, Kiku, ორი ჯიშის მხსალი - Santa Maria, Red Wiliam და სამი ჯიშის ქლიავის - Stanley, President, Empress ნარგაობები აქვს გაშენებული.
ჯამში, კომპანიამ 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის სახელმწიფო პროგრამების ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ და ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარია.