იაპონიის მთავრობა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიების გამარტივებული ფორმატით ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ტოკიოს გუბერნატორმა, იურიო კოიკემ განაცხადა. ინფორმაციას მედია გამოცემა Reuters-ი
ავრცელებს.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისაღებ ზომებს შორის განიხილება გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილეთა რიცხვის შემცირება და ტრიბუნებზე გულშემატკივართა რიცხვის შეზღუდვა.
გარდა ამისა, შესაძლოა კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება ყველა სპორტსმენმა, პერსონალმა და მაყურებელმა გაიაროს. განიხილება ოლიმპიური სოფლის საზღვრებს გარეთ სპორტსმენთა გასვლის აკრძალვაც.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადაიდო. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2021 წლის 23 ივლისს გაიმართება.