მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ბეზოსს უპირისპირდება, მიზეზი — ტარიფებია

ტრამპი / ბეზოსი
სტატიაში საუბარია:

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზია, ამერიკული Amazon-ი საფასო პოლიტიკას ცვლის და ფასთან ერთად, მომხმარებელს იმ დამატებით თანხას აჩვენებს, რომელთა გადახდა მათ ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფების გამო მოუწევთ. დღეს, Amazon-ის ამ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი გამოეხმაურა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებას “არაკეთილგანწყობილი პოლიტიკური ნაბიჯი” უწოდა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა რიტორიკული კითხვაც დასვა, თუ რატომ არ დაამატა Amazon-მა ანალოგიური ფუნქციონალი, როცა პრეზიდენტ ბაიდენის პირობებში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა.

მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიის ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება იმ მსოფლმხედველობას, რომელიც მის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ აქვს. ჯეფ ბეზოსი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე მილიარდერს შორის, ვინც საპრეზიდენტო ინაუგურაციას დაესწრო. ამასთან, მილიარდერმა დონალდ ტრამპის საინაუგურაციო ფონდში თანხაც ჩარიცხა, ისევე, როგორც თავად Amazon-მა. ცნობილია ისიც, რომ დონალდ ტრამპი და ჯეფ ბეზოსი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან და სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წლებია, რაც ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ყოველდღიურ მენეჯმენტში აღარ ერევა. Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტი ბეზოსმა 2021 წელს დატოვა, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ისევ ისაა. ამასთან, ჯეფ ბეზოსი Amazon-ის უდიდეს აქციონერად რჩება, რომელზედაც კომპანიის დაახლოებით 9%-იანი წილი და საბჭოში ხმების 12% მოდის. Bloomberg-ის თანახმად, ჯეფ ბეზოსის ქონების შეფასება $209 მილიარდია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები