აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია იყო აცხადებს, რომ დეპორტაციისთვის სამხედროებს გამოიყენებს. ტრამპი გეგმავს, რომ არალეგალური მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადებს და სამხედროებს გამოიყენებს.
ჯერ კიდევ ბუნდოვანია როგორ აპირებს ტრამპი "ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას". იმიგრაცია ტრამპის პირველი ვადის კამპანიის ძირითადი საკითხიც იყო და ამომრჩეველს მექსიკასთან კედლის აშენებასაც ჰპირდებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მიგრაციის საკითხი წლევანდელი კამპანიის საკვანძო თემა გახდა.
47-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები პირების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებდა. სხვადასხვა მონაცემებით, აშშ-ში არალეგალურად დაახლოებით 11 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დატოვებს ქვეყანას ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამის თქმა რთულია, თუმცა ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მასობრივი დეპორტაციის დაპირებით მოდის. BBC-ის ინფორმაციით, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ჯამში დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს მოუწია ქვეყნის დატოვება ნაწილს საზღვრიდან, ნაწილს კი ქვეყნიდან.
ზუსტი რიცხვი საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს არალეგალურად აშშ-ში უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოს მოქალაქეებიც აშშ-ში შესასვლელად მექსიკის საზღვარს კვეთენ. ამავე დროს იზრდება ფულადი გზავნილები აშშ-დან საქართველოში. წელს 10 თვეში ქართველმა მიგრანტებმა აშშ-დან 467 მლნ დოლარზე მეტი გადმორიცხეს.