თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინური ByteDance-ისთვის TikTok-ის ამერიკული აქტივების გაყიდვის ვადას კიდევ ერთხელ, 90 დღით გადაავადებს, ანუ აკრძალვა დამატებით 3 თვით არ ამოქმედდება.
გადავადება იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ ტრამპს აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა არ სურს, მის გასხვისებასთან დაკავშირებით კი ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირობებზე მსჯელობენ, რომლის ერთ-ერთი პუნქტი, სავარაუდოდ, TikTok-თან იქნება დაკავშირებული.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა, მიზეზი ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებზე ჩინეთის მთავრობის წვდომა და საზოგადოების აზრის ფორმირებაში ჩინეთის გავლენის ზრდა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ანუ პრეზიდენტის არგუმენტი გაიზიარა.