პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საჯარო დაპირისპირება ილონ მასკს ამჯერადაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა - ეპითეტების გაცვლის ფონზე, მასკის ქონების შეფასება 12 მილიარდი დოლარით შემცირდა და მან $351 მილიარდი შეადგინა.
რაც შეეხება Tesla-ს, მისი აქციების შეფასება ერთ კვირაში 13%-ით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია 75 მილიარდით შემცირდა და ის ამჟამად $968 მილიარდს შეადგენს.
უთხანხმობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ ბიუჯეტის პროექტის კრიტიკით შემოიფარგლებოდა, ახლა უკვე პიროვნულ დაპირისპირებად არის ტრანსფორმირებული, რომელიც ერთმანეთის ლანძღვაზე და შანტაჟზე გადის.
მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკის საქმიანობის ვადა ამოიწურა, ყველასათვის ცხადი იყო, რომ მილიარდერები რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და ამას არც საჯაროდ უარყოფდნენ. როგორც ცნობილია, ტრამპის და მასკის დავის საგანი ახალ სამთავრობო ბიუჯეტია, რომელიც სამთავრობო დეფიციტის და ვალის ზრდას ითვალისწინებს, რაც ილონ მასკისათვის პრინციპულად მიუღებელია, რადგან მისი დეპარტამენტის მთავარი მიზანი ამერიკის სამთავრობო ვალის შემცირება იყო, რასაც ახალი ბიუჯეტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.
ამასთან ერთად, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ილონ მასკის გაცოფებას ის ფაქტი იწვევს, რომ ახალი ბიუჯეტით უქმდება ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებისათვის შექმნილი პროგრამები და სუბსიდიები, რომელთა მთავარი ბენეფიციარი სწორედ ილონ მასკის Tesla იყო. ტრამპის თქმით, ამ მიმართულებით სამთავრობო ბიუჯეტის შემცირებამ მასკის გაგიჟება გამოიწვია, რასაც შემდგომ სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვდა, რა დროსაც ტრამპმა თქვა, რომ ის ილონით იმედგაცრუებული იყო და მისგან ასეთ ღალატს არ მოელოდა.
მასკის თქმით, მისი მხარდაჭერის გარეშე, ტრამპი არჩევნებში დამარცხებოდა და სენატში უპირატესობას დემოკრატიული პარტია მოიპოვებდა, თუმცა ამას ახლა პრეზიდენტი სათანადოდ არ აფასებს, რაც მის უმადურობაზე მიუთითებს.