მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის გამო, საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი მკვეთრად ეცემა

ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების გამო, ამერიკული საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი მკვეთრად ეცემა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება 7%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500-ის შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ცუდი შედეგი ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ, რომლებმაც ჯამურად ტრილიონ დოლარზე მეტის კაპიტალიზაცია დაკარგეს. თუკი პიკურ მაჩვენებელს შევადარებთ, დავინახავთ, რომ Nasdaq-ის ინდექსს თითქმის 10%-იანი კლება აქვს, ანუ ის უკვე ოფიციალურად კორექციის ფაზაშია.

საფონდო ბირჟის დაღმასვლას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მათ შორის უმთავრესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომელიც ამჟამად უჩვეულოდ არასტაბილური და გაურკვეველია. როგორც ვიცით, ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის, მექსიკის, კანადის და ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს აწესებს, რაც ინვესტორებისთვის ცუდ სიახლეს წარმოადგენს, რადგან ზემოხსენებული სახელმწიფოები საპასუხო ტარიფებს ამზადებენ, ანუ მსოფლიო სავაჭრო ომის ახალ ფაზაში გადადის.

რატომ ეშინიათ ინვესტორებს ტარიფების? - პასუხი საკმაოდ მარტივია: ნებისმიერი სახის სავაჭრო ბარიერი პროდუქტების და სერვისების გაძვირებას, ანუ ინფლაციის დაჩქარებას იწვევს. როცა იმატებს ინფლაცია, მაშინ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ანუ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, ანუ რეფინანსირების განაკვეთს ზრდის. თავის მხრივ, განაკვეთის ზრდა კაპიტალს აძვირებს და კრედიტის ხელმისაწვდომობას აუარესებს, რაც საფონდო ბირჟას უდიდეს დარტყმას აყენებს, რადგან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ბირჟა უბრალოდ ვერ იზრდება.

ამასთან, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ-ახალ რადიკალურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს, რის გამოც, ინვესტორებს თავიანთი კაპიტალის ბირჟაზე გაჩერების ეშინიათ და ურჩევნიათ, აქტივები დროებით ნაღდ ფულში ან ობლიგაციებში გადაიტანონ.

გარდა ამისა, გასულ კვირას გასაჯაროვდა უახლესი სტატისტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენელებულია, რადგან მეოთხე კვარტალში ზრდამ 2.3% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით თითქმის 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შემცირებულმა ინვესტიციებმა გამოიწვია.

ამასთან, ჯერაც გაურკვეველია რუსეთ-უკრაინის ომის ბედ-იღბალი. მართალია, მოლაპარაკების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები არ არის, რადგან მოსკოვი და კიევი რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, ვაშინგტონი კი არა მედიატორის, არამედ უკრაინის კრიტიკოსის როლს ასრულებს, ეს კი არც უკრაინულ მხარეს და არც ინვესტორებს არ მოსწონთ.

ამერიკაში არსებულ პრობლემებთან ერთად, გასათვალისწინებელია ჩინეთის ფაქტორი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე დაბრკოლებასთან უწევს გამკლავება, მათ შორისაა: დეფლაცია, საწარმოო ინდექსის კლება, უძრავი ქონების სექტორის სტაგნაცია და ეკონომიკური რისკების დაგროვება, რომელთა გამო, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად მცირდება.

რატომ უნდა ადარდებდეთ ამერიკელ ინვესტორებს ჩინეთის ბედ-იღბალი? - პასუხი მარტივია: ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთი უმთავრესი ბაზარია, სადაც ყველაზე მეტი პოტენციური მომხმარებელი ცხოვრობს. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება პირდაპირ ურტყამს ამერიკის კორპორაციულ სექტორს, რადგან, მაგალითად, Apple-ში მოელიან, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში iPhone-ების რეალიზაციის მაჩვენებელი დაეცემა. ასევე, Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრადაა შემცირებული, რაც ჩინელი კლიენტების მსყიდველობითი უნარის შემცირებას და ადგილობრივი კონკურენტების გააქტიურებს უკავშირდება.

თუკი ამერიკის ეკონომიკურ სისუსტეს ჩინეთში არსებულ არასახარბიელო ვითარებას დავუმატებთ და ამ ყველაფერს იმასაც მივათვლით, თუ რა შედეგს გამოიღებს ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომი, მივხვდებით, თუ რაოდენ არახელსაყრელ და გაურკვეველ გარემოში უწევთ ამჟამად კომპანიებს ოპერირება, ინვესტორებს კი - გადაწყვეტილების მიღება.

ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური დაპირისპირების რისკები იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ ამერიკა და ჩინეთი სავაჭრო ომის ახალ ფაზაში გადავიდნენ, რაც სანქციების და ტარიფების გამკაცრებას მოიაზრებს, თავად ეს მოცემულობა კი ორივე მხარისათვის უკიდურესად ნეგატიური იქნება და დღეს ინვესტორებს სწორედ ამ რისკების გათვალისწინება უწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები