პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პროექტის, ჩიპების აქტის გაუქმება სურს, რომლის შეფასება 53 მილიარდ დოლარს აღწევს.
ჩიპების აქტი აშშ-ში ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიის განვითარებაზეა კონცენტრირებული და ის სუბსიდიებისა თუ შეღავათიანი სესხების მეშვეობით ქვეყანაში ახალი თაობის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ჩიპების აქტის ფარგლებში, საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ, შეღავათებს იღებენ: Intel, Samsung, TSMC და Micron.
სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად გრანტების გაცემა არ სჭირდება. მისი თქმით, სატარიფო რეჟიმი ტექნოლოგიურ კომპანიებს ისედაც აიძულებს, რომ საწარმოო პროცესი აშშ-ში გადაიტანონ და ამით ტარიფები თავიდან აირიდონ. ამასთან, ტრამპი საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციაზე და სუვერენული ვალის შემცირების მნიშვნელობაზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ გრანტების გაცემით სარგებელს არა ამერიკელი მოქალაქეები, არამედ ზემოხსენებული კომპანიების ინვესტორები იღებენ.
ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ სუბსიდიების გაცემა კონკურენციას ხელს უშლის და ბაზრის ზოგიერთ მოთამაშეს არასამართლიან უპირატესობას ანიჭებს, რაც წინააღმდეგობაშია თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩიპების აქტის გასაუქმებლად მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანება არ არის საკმარისი და ამისათვის კონგრესმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუკი საკანონმდებლო ორგანო ამ პროექტს მართლაც გააუქმებს, დემოკრატიული პარტია, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, ამიტომ, დიდი ალბათობით, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და ჩახლართული იქნება.