თუ შემოტანილი ცემენტი უხარისხოა, ეს 100%-ით სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს. ასე ეხმაურება ის კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ განცხადებას, რომ ირანული უხარისხო კლინკერი საქართველოში დემპინგურ ფასად შემოდის, რაც ცემენტის ქართულ ბიზნესს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს.
„თუ ქვეყანაში არის საბაზრო ეკონომიკა უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკა და უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. ჰაიდელბერგცემენტი აცხადებს, რომ არ არის დაცული ხარისხი. თუ შემოტანილი პროდუქცია არის უხარისხო, ეს 100%-ით სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მე როგორც მეწარმე, ვეცდები, რომ ერთნაირ ხარისხში ამოვარჩიო უფრო იაფი - სხვანარად წარმოუდგენლია.
თუ სახელმწიფო თვლის, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს სამუშაო ადგილების დაკარგვა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგად მიაჩნია ცემენტი, სახელმწიფოს აქვს ფისკალური სამსახურები და მან უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა. მე მაგალითად ვიცი, რომ შეუძლებელია პროდუქცია საქართველოდან გაიტანო თურქეთში, რადგან თურქეთი ძალიან მკაცრად იცავს თავის ბაზარს, დაწესებული აქვს აქციზი და ა.შ.“,- აცხადებს ბიზნესმენი.
მისი თქმით, დღეს კომპანია საუბრობს იმის შესახებ, რომ ირანში კლინკერის ჭარბი წარმოებაა, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახდენენ და ცდილობენ, რომ საქართველოში შემოიტანონ.
„ნულზე გასვლას, ცხადია ურჩვნიათ, რომ შემოიტანონ საქართველოში ნებისმიერ ფასად. თუ ეს ასეა, ქართულმა მხარემ ალბათ უნდა დააწესოს აქციზი და დამატებით გადასახადი წავიდეს ბიუჯეტში“,- აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.