ტურიზმის ადმინისტრაციის დაკვეთით Harper's Bazzar-მა საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა. როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, მარკეტინგული კამპანიები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, მედიაპლატფორმებთან Harper's Bazzar-თან, Vogue-თან, Conde Nast-თან და GQ-თან თანამშრომლობით, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მზადდება.
დიდ ბრიტანეთში პოპულარული მოდისა და კულტურის ჟურნალმა Harper's Bazzar-მა უკვე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „საქართველო - ამ უნიკალურ თანამედროვე ქვეყანაში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ“.
„მოდური თბილისიდან კახეთის ღვინის მდიდარ რეგიონამდე, ისტორიული წყალტუბოს სპა-კურორტიდან ყაზბეგის ულამაზეს პეიზაჟებამდე - უამრავი მიზეზია, რის გამოც ღირს საქართველოში მოგზაურობა. ეს პატარა ქვეყანა, რომელიც აღმოუჩენელი მარგალიტია კავკასიაში, იდეალური ალტერნატივაა ევროპის გადატვირთული ტურისტული მიმართულებებისათვის. საქართველო ძველი სამყაროს ხიბლს და თანამედროვეობას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს არის 4 სეზონიანი მიმზიდველი მიმართულება, მრავალფეროვანი კლიმატის წყალობით საქართველო ყველაფერს გთავაზობთ, ზამთრის სათხილამურო კურორტებიდან დაწყებული, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებით დამთავრებული“, - წერს ავტორი.
სტატიის ერთ-ერთი მონაკვეთი საქართველოს სასტუმრო ინფრასტრუქტურას, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს ეთმობა. ავტორი აღწერს თბილისს, ქართულ კერძებს, ქართულ მოდასა და თანამედროვე მოლებს.
„საქართველო რუკაზე მხოლოდ მორიგი მიმართულება არ არის, ეს ქვეყანა ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც ეძებს ავთენტიკურ კულტურას, ბუნებრივ სილამაზეს, დახვეწილ სამზარეულოსა და დასვენებას“, - წერია სტატიაში.
bm.ge-მ ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ რა დაუჯდა ბიუჯეტს აღნიშნული სტატიის განთავსება, პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.