პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ თვითდასაქმებულთა ინდიკატორები, რას საფუძველზეც საქსტატი მუშაობს, ძალიან სერიოზული პრობლემაა.
"ჩემი აზრით თვითდასაქმებულთა ინდიკატორები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენთვის. თვითდასაქმებული ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა და მათი შეფასების ინდიკატორები ბევრ შეკითხვას ბადებს", - განაცხადა რომან კაკულიამ გადაცემაში "საქმის კურსი".
მისი თქმით, ამ ინდიკატორების საშუალებით შეუძლებელია იმის გარკვევა, არიან თუ არა თვითდასაქმებულთა კატეგორიას მიკუთვნებული ადამიანები, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაზე უკეთეს მდგომარეობაში.
"გაურკვეველია რა შემოსავალს იღებენ თვითდასაქმებულები, ვინმემ დათვალა ეს ნატურალური პროდუქტი, რომლის წარმოებაც უფიქსირდებათ, რამდენია რაოდენობაში? პრობლემა მიდის იმ საკითხთან, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამის დაგეგმვა: ვერ დავგეგმავთ კარგად თუ არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, ზუსტად საქსტატი უნდა იყოს ის ორგანიზაცია, რომელმაც ეს თემა უნდა წამოსწიოს და ანგარიშში ასახოს.
"მე მესმის, რომ ამის მოგვარება ადვილი არ არის და მხოლოდ საქსტატი ამას მარტო ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ანგარიშში მაინც ასახოს, რომ ეს პრობლემაა!?", -განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ მისი კრიტიკა მხოლოდ საქსტატის ანგარიშს უკავშირდებოდა და თავად უწყების მუშაობასთან და მის ხელმძღვანელთან პრეტენზიები არ აქვს.