გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული შახტები იხურება. დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით შახტები დღესვე დაიხურება.
„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, „112“ში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადნენ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ხოლო, როგორც მოგეხსენებათ, 4 ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.“ - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.