"საქართველო ახლად წარმოქმნილი ბაზარია, რომელიც ცდილობს, გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცეს, მეტად იყოს დივერსიფიცირებული და უკეთესად ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან", - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე "ვაჭრობა და ინვესტიციები". მისი თქმით, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ყველაზე კეთილგანწყობილი ბიზნესგარემოს შექმნა ქვეყანაში.
"ჩვენი ბოლოდროინდელი წარმატებები ითვლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშს, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია. მსოფლიოში მე-6 ადგილზე ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში. ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონის ლიდერი გახდება ეკონომიკური ზრდითა და განვითარებით. ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში მე-16 ადგილზე ვართ „ჰერითიჯის ფონდის” კვლევებით, ხოლო მე-5 ადგილზე - ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით. ჯერ არ დამისრულებია... მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხი აქვს საქართველოს, რადგან მსოფლიო ბანკის დასკვნით, ჯამური საგადასახადო განაკვეთი მხოლოდ 9.9 პროცენტია, რითაც მსოფლიოში მე-3 ადგილას მოვიაზრებით.
ყოველივე ამის გამო, არც არის გასაკვირი, რომ უდიდესი გეგმები და ამბიციები გვაქვს, რომ გავხდეთ რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ ტურიზმის და ლოგისტიკის სფეროში, არამედ ასევე ბიზნესისა და ფინანსური მომსახურების სახით. რეგიონის ისტორიული ცენტრი ვართ და ასეთი პიონერული მიდგომებით ჩვენს გამოკვეთილ რეგიონულ როლს სამომავლოდ ვაქვითკირებთ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააჩნია როგორც ჩინეთთან, ისევე ევროკავშირთან. ამასთანავე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გაგვაჩნია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ისლანდია), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან, თურქეთთან და ჰონგ-კონგთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოში მოქმედ კომპანიებს კი ანიჭებს საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობას 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზართან.
საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და ყველაზე უსაფრთხო კარიბჭეა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით აღვნიშნეთ ისტორიული პარტნიორობის დასაწყისი და ამით ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნა მიღწეული ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის სახით. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ორ ქვეყანას, რადგან საქართველოს გააზრებისას ყველამ რეგიონი უნდა წარმოიდგინოს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა სრულიად ახალ დონეზე განვითარდა და საუკეთესო მაგალითი გახდა საერთო ინტერესებისა და სარგებლის მქონე თანამშრომლობის სახით. რიგით მე-3 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი საქართველოსთვის 2017 წელს და - მე-5 უმსხვილესი საექსპორტო დანიშნულება", - აღნიშნა პრემიერმა.