სადაზღვევო სექტორის ნაწილს საკუთარი რეგულატორის დაფინანსება ძვირი უჯდება,- ამის შესახებ bm.ge-ს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელმა ვასილ ახრახაძემ განუცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით 2018 წლის პირველი იანვრიდან დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს თავად კერძო სექტორი აფინანსებს. ყოველწლიურად 17-მა კომპანიამ მის ზედამხედველს მოზიდული პრემიის 1% უნდა გადაურიცხოს, რაც 2017 წლის მონაცემებით 4 მილიონზე მეტი ლარია. სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს, რომ ინდუსტრია ძალიან დაბალ მოგებაზე გადის, ამიტომ ამ ოდენობის გადასახადი მათთვის საკმაოდ დიდი ტვირთია.
"1% სათქმელად, არის 1%, მაგრამ რეალურად, ის ჩვენი მოგების 25-30%-ს შეადგენს. თუ ჩვენ დავაჯამებთ, ესტონური მოდელის არგვარცელების შემთხვევაში მოგების გადასახადს(რომელიც არის 15%) და ამას დავუმატებთ დაზღვევის ზედამხდველობის სააგენტოს მოსაკრებელს, ჯამში მოგების 45%-ზე გავდივართ, რაც არამიმზიდველს ხდის სადაზღვევო ინდუსტრიას“,-აცხადებს ვასილ ახრახაძე.
არამიმზიდელს სადაზღვევო ინდუსტრიას ნებისმიერი ახალი გადასახადი აქცევს, თუმცა, დაზღვევის ზედამხედველობის დაფინანსება უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა განვითარებისთვის - ასეთია სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მოსაზრება 2018 წელს ამოქმედებულ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით.
"ეს შესაძლოა, ტვირთად დააწვეს იმ კომპანიებს, რომელთა მოგების მარჟა ძალიან დაბალია. უმეტესობა სადაზღვევო კომპანიების წაგებაზე მუშაობს და რამდენიმე კომპანია, მათ შორის ჩვენ, აჩვენეს მნიშვნელოვანი მოგება. ჩვენ მოველით, რომ სადაზღვევო ინდუსტრია გაიზრდება და შემოსავლები არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც შარშან“,-აცხადებს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სასამხურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი.
შეგახსენებთ, 2017 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 20,3 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 1 399 964 ლარი კი კომპანია “უნისონის“ მოგება იყო. უნდა ითქვას, რომ გასულ წელს „უნისონის“ მიერ მოზიდულმა პრემიამ 30 მილიონ 84 ათასი ლარი შეადგინა. თუ გასული წლის მონაცემებს დავეყრდნობით, წელს კომპანიას დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოსთვის 300 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.