ურეკის საკურორტო ზონა ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც bm.ge-ს ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, ზღვის სეზონის გახსნამდე დაბა ურეკში გარე განათების სისტემის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. ასევე შეიღება სანაპირო ზოლზე არსებული კონსტრუქციები. მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია დასუფთავების ტექნიკა, რომელიც პლაჟის ტერიტორიას ინტენსიურად ასუფთავებს.
საკურორტო სეზონი ურეკში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. როგორც მერიაში აცხადებენ, დაბა ურეკში სანაპირო ზოლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნული მასშტაბური პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. ამასთან უკვე დაწყებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ურეკის ცენტრალურ ნაწილში შესასვლელი გზის რეკონსტრუქციას, ტროტუარების მოწყობასა და განათებას, ასევე, ბულვარის პარალელურად სანაპიროს პირველი და მეორე ზოლის ქუჩების
რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
რეაბილიტაცია სანაპიროზე ჩასასვლელი საფეხმავლო გზებისა და განათების მოწყობას, ბულვარის გამწვანებას, სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსებას, საზოგადოებრივი სან-კვანძებისა და საშხაპეების მოწყობასაც გულისხმობს.
როგორც მერიაში აცხადებენ,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
“წლის ბოლოს დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. საკურორტო ზონაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების, ისე დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ჯამური ღირებულება 80 მლნ ლარზე მეტია”-აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.