სესხების განულების ვებგვერდი -
www.vali.ge ჩაირთო, მოქალაქეებს 18:00-დან შეუძლიათ გაიგონ, "გაუნულდათ" თუ არა ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოქალაქეებს დღეს მხოლოდ თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის სესხების ნახვა შეეძლებათ, ხოლო სხვა საფინანსო ინსტიტუტების ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.
უშუალოდ განულების პროცესი კი 2018 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.
მთავრობის დაპირების მიხედვით, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს ეხება, მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებათ. ვალებს მათ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" ჩამოაწერს, რომლის ინფორმაციითაც, პროგრამის საფასური დაახლოებით 100 მილიონი ლარია.
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ვალების განულების პროგრამის გამოცხადება და მისი დაფინანსების წყაროები აჩენს კითხვებს, რომ ეს აქტი არჩევნებზე ხმების ყიდვის მცდელობას წარმოადგენს.
ვალების განულების პროგრამის კანონიერებას მთავარი პროკურატურა სწავლობს.