მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზის ნერგებზე მაღალი მოთხოვნაა

5bffd424c0e2c
მაია ბიწაძე
29.11.18 15:55
1701
კომპანია "ჯეოპლანტმა“ სეზონზე წარმოებული ნერგები 100%-ით საქართველოში გაყიდა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის კონსულტანტმა არჩილ ლობჟანიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნაა, რასაც კომპანია ვეღარ აუდის. "ჯეოპლანტმა" წელს 1,5 მილიონი ნერგი აწარმოა და გაყიდა. სანერგე მეურნეობა წინანდალში 80 ჰექტარზეა განთავსებული.

"განსაკუთრებით გაზრდილია ნერგებზე მოთხოვნა ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, თუმცა ვენახის გაშენება მასიურად დაიწყეს ფერმერებმა და გლეხებმაც, რადგან ყურძნის ფასი საკმაოდ მაღალია და ის დიდ მოგებას იძლევა, მაგალითად, კარგი ხარისხის საფერავი წელს 2-დან 3 ლარამდე ღირდა.
ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 6-7 მილიონი ნერგი ირგვება, ანუ ჩვენ ამ მოთხოვნის მხოლოდ 21-25%-ს ვაკმაყოფილებთ. ვაზის გაშენების სეზონი დეკემბრის დასაწყისიდან აპრილის შუარიცხვებამდე გრძელდება. მოთხოვნის მიუხედავად წარმადობას ვერ ვზრდით, რადგან შესაძლოა ეს პროდუქციის ხარისხზე აისახოს. იმისათვის რომ ხარისხიანი ნერგი მივიღოთ ტერიტორიას, რომელიც სასათბურე მეურნეობას გააჩნია მონაცვლეობით ვიყენებთ, ანუ, არსებული 80 ჰექტრიდან 20 ჰექტარზე საძირე გამოგვყავს, 20-ჰექტარზე კი, ყოველწლიური მონაცვლეობის რეჟიმში, ვაზის ნერგის წარმოება ხდება", - განაცხადა არჩილ ლობჟანიძემ.

"ჯეოპლანტი" უკვე რამდენიმე წელია ბაზრზეა, 2008-დან 2012 წლამდე კომპანიის ძირითადი გაყიდვები აზერბაიჯანსა და უკრაინაზე მოდიოდა, ახლა კი საექსპორტოდ ნერგი აღარ რჩებათ.

"ჯეოპლანტის" სანერგე მეურნეობა წინანდალში 2004 წელს, ფრანგი კონსულტანტების ჩართულობთ გაშენდა. ამჟამად ადგილზე ძირითადად ქართული ჯიშის ვაზის ნერგებს აწარმოებენ: საფერავს, რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს და ხიხვს. კომპანია სეზონზე 200 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები