საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად სხვა სახელმწიფოში მებრძოლი ქართველი ვეტერანებისთვის, რომლებიც სამსახურის გარეშე არიან დარჩენილი, სოციალურ-ეკონომიკური შეღავათები გაიზარდა. ხოლო იმ 873 ვეტერანისთვის, რომლემიც ამჟამად საქართველოში მუშაობენ, საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი დაწესდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვეტერანთა 70% დაუსაქმებელია, 30% სოციალურად დაუცველია, ხოლო საგადასახადო შეღავათი წარმოადგენს დასაქმებისათვის ხელის შემწყობ გარემოებას, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეებისათვის (,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები) საგადასახადო შეღავათის დაწესებას, რითაც მოხდება მათი უფლებრივი მდგომარეობის გათანაბრება შეღავათით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ვეტერანებთან. წარმოდგენილი პროექტის მიღებით ხელი შეეწყობა სახელმწიფოს მიერ ვეტერანთა ღვაწლის და დამსახურების აღიარებას და მათი ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. აღნიშნული ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება ვეტერანთა შორის დასაქმების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველთა კატეგორიიდან ვეტერანთა სამუშაო ძალად ჩამოყალიბებას“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე 3128 პირია რეგისტრირებული.
პროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას გამოიწვევს, წინასწარი ვარაუდით 523 800 ლარის ოდენობით წელიწადში.
კანონპროექტის ავტორი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურია.