წლის ბოლომდე მთავრობა წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მიზნით ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს, - ამის შესახებ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ წიქვაძემ "საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, სააგენტოს წყალტუბოში მდებარე ათამდე სანატორიუმის გასხვისება სურს, რომლებიც დღეს სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება.
"ჩვენ კომპლექსურ პრივატიზებასთან დაკავშირებით გვაქვს გეგმები, რაც გულისხმობს არამხოლოდ ერთი ობიექტის გაყიდვას, არამედ რეგიონის ფარგლებში მთლიანი საპრივატიზებო პაკეტების მომზადებას.
ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ამჟამად სააგენტოს აქვს, ეს არის წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც ათზე მეტი ყოფილი სანატორიუმია სახელმწიფო საკუთრებაში. წლის ბოლომდე ვაპირებთ ინტერესთა გამოხატვის ფორმატში შევთავაზოთ საზოგადოებას ეს სანატორიუმები, იგივე სანატორიუმი "მეგობრობა", "წყალტუბო“ და სხვა. პრეზენტაცია იქნება ერთიანობაში, თუმცა თითოეულ ობიექტთან მიმართებაში ცალ-ცალკე წინადადებებს მივიღებთ.
ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება და ის საინვესტიციო აქტივობები, რაც ამჟამად ფიქსირდება, მზად არის მიიღოს ეს შეთავაზება, რასაც ვერ ვიტყოდით 2013-2014 წლებში. ეხლა, როდესაც ტურიზმის სფერო მზარდი ხდება, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ წყალტუბოს კურორტი ერთობლიობაში განვითარდება“ - განაცხადა ზურაბ წიქვაძემ.