მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყლის რესურსების მართვის რეფორმა დაიწყო

5bb1c363aac57
მაია ბიწაძე
01.10.18 10:47
1550

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წყლის რესურსების მართვის რეფორმა დაიწყო. ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც საქართველოს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების გამოყენებასა და მონიტორინგს დაარეგულირებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მედიასემინარზე განაცხადა, რომელიც USAID-ისა და სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

,,ეს გახლავთ წყლის რესურსების მართვის სისტემური რეფორმა, რომელითაც ქვეყანაში სრულიად ახალი საკანონმდებლო სივრცე დაინერგება, ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს სამინისტრო ჩვენი და საერთაშორისო სპეციალისტების აქტიური ჩართულობით. ეს გახლავთ წყლის რესურსების იმგვარი მართვა, რომ თავიდან ავიცილოთ მისი არარაციონალური გამოყენება და შევძლოთ სამრეწველო სექტორის ისე დარეგულირება, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მათი მხრიდან წყლის დაბინძურების რისკები, უფრო ზუსტი და სწორი ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი წყლის რესურსების შესახებ. ეს არის ძირითადი აქცენტები, რასაც ეს რეფორმა ემსახურება“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანაში სააუზო მართვის პრინციპი დაინერგება. კერძოდ, საქართველოს ტერიტორია ექვს აუზად დაიყიფა, შემუშავდება სააუზო მართვის გეგმები, სადაც დეტალურად გაიწერება, რომელ მდინარეზე რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

,, რეგიონების მიხედვით ჩვენ გვეყოლება წარმომადგენლობები, სადაც ადგილზე მოხდება სიტუაციის შეფასება. ეს კანონპროექტი მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც მას მიიღებს პარლამენტი, თუმცა, სხვადასხვა რეგულაციების ამოქმედება წლების მიხედვით არის დაგეგმილი. მაგალითად, სანებართვო სისტემის შემოღება გათალიწინებულია 2022 წლიდან, ეს გულისხმობს წყალსარგებლობაზე ნებართვების შემოღებას, ეს მოიცავს ნებართვებს როგორც წყლის აღებაზე, ასევე ობიექტში წყლის ჩაშვებაზე ( იგულისხმება ზედაპირული წყლის რესურსები: მდინარეები, ტბები და სხვა). დეტალურად იქნება გაწერული სანებართვო პირობები სამრეწველო სექტორისთვის“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისივე განმარტებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სანებართვო მოსაკრებლის შემოღებაზეც მუშაობს.
,,ასევე გვინდა დაინერგოს სანებართვო მოსაკრებელი, რათა რაციონალურად მოხდეს წყლის გამოყენება და ზედმეტობით და დაუდევრად არ ხდებოდეს მისი მოხმარება. ვატარებთ სერიოზულ ანალიზს OESIED - ის დახმარებით, რომელიც სექტორების მიხედვით შეაფასებს, რა რაციონალური მოსაკრებელი უნდა დადგინდეს კერძო სექტორისთვის, რომ მათ არ გაუძვირდეთ ცხოვრება და მოსახლეობაზე არ აისახოს ეს“ - განაცხადა თანდილაშვილმა.

მისივე განმარტებით, შესაბამისი კანონმდებლობა 2008 წლიდან გაუქმდა და ამჟამად აღნიშნული სფერო სრულიად უკონტროლოა.

,,აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან სანებართვო სისტემა არის სრულიად გაუქმებული, საერთოდ არ ხდებოდა ზედაპირული წყლების მონიტორინგი , გარკვეული პერიოდი არის სრული ჩავარდნა წყლებზე დაკვირვების. 2013 წლიდან აქტიურად დაიწყო ინფრასტრუქტურის შექმნა, იმისთვის რომ მომხდარიყო ზედაპირული წყლების მონიტორინგი, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ჩვენ დავიწყეთ მდინარეებზე წყლის მზომი სადგურების მონტაჟი, რაც ერთის მხრივ საშუალებას გვაძლევს, რომ ვიცოდეთ მოსალოდნელი რისკები დატბორვის არეალების და მეორე, ვიცოდეთ სეზონურად როგორია წყლის რესურსი ამა თუ იმ მდინარეში, როგორ იმატებს და იკლებს ის“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები