მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის კომიტეტი და მისი მნიშვნელობა

5950ddc0cadef
ბორის ჯანჯალია; IFC-ის კორპორაციული მართვის ექსპერტი კავკასიაში; ჯგუფის ხელმძღვანელი
26.06.17 13:51
4785
დაწყებული 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობაში სულ უფრო და უფრო მეტია ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავენ მოქმედი კანონმდებლობის კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. ერთერთი მათგანი ეხება აუდიტის კომიტეტს, რომელიც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონმა გაითვალისწინა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისათვის, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმა სავალდებულო გახადა ანგარიშვალდებული საწარმოსთვის. 

უნდა აღინიშნოს, რომ პირველად აუდიტის კომიტეტი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა შემოტანილი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით . თუმცა რიგი მიზეზების გამო, რომლებიც უფრო დეტალურად იქნება ქვემოთ განხილული, ამ მუხლმა არსებითად ვერ შეცვალა მდგომარეობა საბანკო სექტორში და მისმა ამოქმედებამ იქონია ძალზედ შეზღუდული ხასიათი, ვიდრე ბოლო დროს განხორციელებულმა ზემოთაღნიშნულმა ცვლილებებმა.
აღსანიშნავია, რომ აუდიტის კომიტეტის როლი ფართოდ არის აღიარებული სხვადასხვა კორპორაციული მართვის სტანდარტების თუ ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობით. მაგალითად შეიძლება იქნას მოყვანილი ეთგოს/ჯი 20-ის კორპორაციული მართვის სტანდარტები, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის კორპორაციული მართვის პრინციპები ბანკებისთვის, "სარბანს ოქსლის" აქტი აშშ-ში და გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსი.

როგორც წესი, აუდიტის კომიტეტის როლი მოიცავს დირექტორთა საბჭოსთვის (სამეთვალყურეო საბჭოსთვის) დახმარების გაწევას და რჩევების მიცემას რათა უზრუნველყოფილი იქნას:

- კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე და უტყუარობა;
- კომპანიის შიდა კონტროლის და რისკის მართვის სისტემების ეფექტურობა;
- კომპანიის შიდა აუდიტის საქმიანობის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა;
- აქციონერების მიერ დამოუკიდებელი და კვალიფიცირებული გარე აუდიტორის შერჩევა და მისი შემდგომი ობიექტურობა კომპანიის შეფასებისას;
- კომპანიის შესაბამისობა მოქმედი კანონმდებლობის და კომპანიის შიდა რეგულაციების მოთხოვნებთან.

აუდიტის კომიტეტის აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მათი ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ აუდიტის კომიტეტის წევრები ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას და იყვნენ დამოუკიდებელნი. ვიდრე განვიხილავდეთ ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტს, თავიდანვე პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რომელიც ხშირად ისმის: ვინ შეიძლება იყოს აუდიტის კომიტეტის წევრი - მხოლოდ დირექტორთა საბჭოს (სამეთვალყურეო საბჭოს) წევრები თუ ასევე სხვა პირები.
აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ძირში ცვლის ძალიან ბევრ რამეს და განაპირობებს თუ რამდენად ეფექტური და წარმატებული იქნება აუდიტის კომიტეტის და მთლიანად დირექტორთა საბჭოს (სამეთვალყურეო საბჭოს) საქმიანობა. სწორედ ამიტომ საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია რომ აუდიტის კომიტეტის წევრები იყვნენ მხოლოდ დირექტორთა საბჭოს (სამეთვალყურეო საბჭოს) წევრები. ამის ნათელი მაგალითები შეიძლება ინახოს ზემოთჩამოთვლილ საერთაშორისო სტანდარტებში (ეთგოს/ჯი 20-ის კორპორაციული მართვის სტანდარტები, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის კორპორაციული მართვის პრინციპები ბანკებისთვის) და ცალკეული ქვეყნების შესაბამის აქტებში ("სარბანს ოქსლის" აქტი აშშ-ში და გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსი).
უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, აუდიტის კომიტეტის წვერი შეიძლება ყოფილიყო როგორც ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე სხვა პირი, მათ შორის კომპანიის თანამშრომელი.

თუმცა, 2017 წლის მაისში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოასწორა აღნიშნული ნაკლი, და ისევე როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების პირის შემთხვევაში, აუცილებელია რომ ანგარიშვალდებული კომპანიის აუდიტის კომიტეტი შედგებოდეს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წვერებიდან . აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ საჯარო დაინტერესების პირებისთვის, რომლებშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არის, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, რომ აუდიტის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ საერთო კრების მიერ განსაზღვრული ვადით არჩეული დამოუკიდებელი პირები.

რაც შეეხება აუდიტის კომიტეტის წვერების დამოუკიდებლობას და კვალიფიკაციას-ხშირად ისმის კითხვა თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია აუდიტის კომიტეტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის? პასუხი მარტივია-ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ აუდიტის კომიტეტმა სრულფასოვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები. უფრო მეტიც, ისინი მჭიდროდ დაკავშირებული ფაქტორებია. მაგალითად, წარმოუდგენელია პირის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა, თუ მას არ გააჩნია სათანადო გამოცდილება, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკვშირებით, როგორიცაა ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე და შიდა კონტროლების და რისკების მართვის ეფექტურობა.

სწორედ ამიტომ, საუკეთესო პრაქტიკა მოითხოვს, რომ აუდიტის კომიტეტის სულ ცოტა ერთ წევრს მაინც ჰქონდეს სიღრმისეული გამოცდილება აუდიტსა და ფინანსებში. ამის ნათელი მაგალითია ევროგაერთიანების აუდიტის დირექტივა, რომლის თანახმად აუდიტის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს ბუღალტრული ან აუდიტორული გამოცდილება. გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსი მსგავსად მოითხოვს, რომ აუდიტის ერთ წევრს მაინც ჰქონდეს ბოლო ხანებში შესაბამისი ფინანსური გამოცდილება, ხოლო მთლიანობაში აუდიტის კომიტეტს უნდა გააჩნდეს კომპანიის საქმიანობის პროფილის შესაბამისი კომპეტენცია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ბაზელის კომიტეტის კორპორაციული მართვის პრინციპები, რომლებიც ითხოვენ, რომ აუდიტის კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ წევრები, რომლებსაც აქვთ აუდიტის, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის გამოცდილება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ რომ აუდიტის კომიტეტის ფენომენის განვითარება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სამეთვალყურეო საბჭოების წევრების პროფესიული ნიშნით შერჩევას და მათ მიერ კომპანიების საქმიანობაში ეფექტური წვლილის შეტანას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა, თუ მათი მოქმედების არეალი არ იქნებოდა ასეთი შეზღუდული. აღნიშნული განსაკუთრებულად ეხება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აუდიტის კომიტეტის შექმნას საზოგადოებრივი დაინტერესების პირში.
აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით, ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონით, მზღვეველებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონით, და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონით.

აქ შეიძლება არგუმენტად მოყვანილი იქნეს ფაქტი, რომ აღნიშნული კატეგორიების იურიდიული პირების საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი სპეციალური კანონით, თუმცა მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონით და კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული აუდიტის კომიტეტის შექმნა შესაბამისად ანგარიშვალდებულ საწარმოებსა და კომერციულ ბანკებში. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალური კანონები არაფერს ამბობენ აუდიტის კომიტეტის შექმნის აუცილებლობაზე.

აღნიშნული ძალზედ აკნინებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ამ საკმაოდ პროგრესულ მუხლს. მოცემულ ვითარებაში ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებები სამწუხაროდ კრძალავენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნას კომერციული ბანკის აუდიტის კომიტეტში, რაც ეწინააღმდეგება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის კორპორაციული მართვის პრინციპებს ბანკებისთვის, რომლებიც როგორც უკვე აღინიშნა, ითხოვენ რომ, აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს დირექტორთა საბჭოს (სამეთვალყურეო საბჭოს) წევრებისგან.
ფაქტიურად, 2008 წელს განხორციელებული ცვლილებით კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში მოხდა ადრე არსებული სარევიზიო კომისიისათვის სახელწოდების შეცვლა. 2009 წელს მიღებულმა კორპორაციულმა მართვის კოდექსმა კომერციული ბანკებისათვის გაითვალისწინა აუდიტის კომიტეტის დაკომპლექტება მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წვერებით, თუმცა სამწუხაროდ ამ თავის დროისთვის ძალზედ პროგრესულმა დოკუმენტმა ვიწრო გამოყენება ჰპოვა ქართულ საბანკო სექტორში (ეს დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მას არ აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა).

რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აუდიტის კომიტეტს - იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით მოქმედ ანგარიშვალდებულ საწარმოთა რაოდენობა არცთუ ისე მრავალრიცხოვანია და მცირე გამონაკლისების გარდა ისინი არ წარმოადგენენ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან კონტრიბიუტორებს, ეს კანონი სამწუხაროდ დიდად ვერ ცვლის საერთო სურათს, ვინაიდან ბევრი სხვა კომპანიები, რომლებიც არ არიან ანგარიშვალდებული საწარმოები, თუმცა თავისი ბრუნვით, დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობით და საკუთარი აქტივების ღირებულებით ძალზედ მნიშვნელოვანნი არიან ქვეყნისთვის, ვერ ხვდებიან ამ კანონის დაფარვის არეალში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისთვის და ჯანსაღი კორპორაციული კულტურის განვითარების თვალსაზრისით, სწორედ ასეთ არა ანგარიშვალდებულ საწარმოებში იქნებოდა ძალზედ მნიშვნელოვანი ეფექტური აუდიტის კომიტეტის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება. მაგალითად, საზოგადოებრივი დაინტერესების პირებთან ერთად ამის გაკეთება ასევე სასურველი იქნებოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი კატეგორიის საწარმოებში . მათზე ანალოგიურად შეიძლება გავრცელებულიყო საზოგადოებრივი დაინტერესების პირში აუდიტის კომიტეტის შექმნის და ფუნქციონირების წესები.

და ბოლოს-მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, ვფიქრობთ, რომ აუდიტის კომიტეტის შესაბამისი დებულებების შემოატანა მეწარმეთა შესახებ და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონებში მაინც ძალზედ დროული და დადებითი ნაბიჯია, რომლის მნიშვნელობა სათანადოდ იქნება შეფასებული და აღიარებული ბიზნეს წრეებისა და ფართო საზოგადოების მიერ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები