მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისში, ბუნებრივი გაზი გაჟონვის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევების გამო საქართველოს მთავრობა შესაბამის უწყებებთან ერთად გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მუშაობს.
ამ პროცესში ჩართულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც.
როგორც სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა BM.GE-ს განუცხადა, ახალი რეგულაციების ერთი ნაწილი უშუალოდ მომხმარებლებს შეეხება.
„ჩვენ რაც ვნახეთ, ძირითადი პრობლემა, რამაც უბედური შემთხვევები გამოიწვია, ეს არის არასწორად დამონტაჟებული ხელსაწყოების მიერ გაჟონვა და შემდეგ ინტოქსიკაცია. ანუ, რეალური, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა თვითნებურად არასწორად აყენებს გარკვეულ გაზმიმღებ დანადგარებს. კომპანიებმა აღმოაჩინეს თითქმის ყველა ასეთი დანადგარი, რომელიც შემდგომ მაინც უბედური შემთხვევით დასრულდა. განაწილების ლიცენზიანტმა ეს დანადგარი ჩახსნა და მომხმარებელს განუმარტა, რომ არ შეიძლება ამ დანადგარით ბუნებრივი გაზის მოხმარება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამას არანაირი სანქცია მოჰყვება, ლიცენზიანტის თანამშრომლები რომ ტოვებდნენ ტერიტორიას, ისევ ხელახლა ხდებოდა ამ დანადგარების მონტაჟი. ამიტომ პირველი, რაც გვინდა გავაკეთოთ, ის არის, რომ იყოს გარკვეული პასუხისმგებლობა, თუნდაც ჯარიმა და შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში მომხმარებლის პასუხისმგებლობა დადგეს“, - განმარტა სემეკ-ის წევრმა.
გარდა ამისა, გიორგი ფანგანის ინფორმაციით, საჭიროა, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის - უწყების განსაზღვრა.
„არსებული კანონმდებლობით, ეს პასუხისმგებელი პირი არის მომხმარებელი, თუმცა ის არ არის ექსპერტი და ვერ მოვთხოვთ მას გარკვეულ ცოდნას, ამიტომ უნდა იყოს ისეთი პირი, რომელიც დასკვნას გასცემს. ასეთი პირი შეიძლება იყოს აკრედიტირებული შესაბამისი ორგანოს მიერ, რომელსაც ექნება ერთის მხრივ შესაძლებლობები, რომ შეისწავლოს შიდა ქსელის პროექტი, გამოყენებული მასალები, დანადგარების დაერთების პროცესი და მეორეს მხრივ, ამ აკრედიტაციის საფუძველზე დადოს დასკვნა. ეს დასკვნა იქნება ის დოკუმენტი, რომლიც განაწილების ლიცენზიანტს საშუალებას მისცემს, მიაწოდოს გაზი. დასკვნა თუ არ იქნება, მომხმარებელი გაზს ვერ მიიღებს“, - განაცხადა ფანგანმა და დასძინა, რომ აღნიშნული სახის დასკვნები ბუნებრივი გაზის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს როგორც ექსპლოატაციაში ახალშესულ კორპუსებში, ისე უკვე დასახლებულ შენობებში.
„მაგალითად, მომხმარებელმა წელიწადში ორჯერ უნდა მოიწვიოს ეს აკრედიტებული პირი, შეამოწმებინოს ქსელი, დასკვნა გააკეთოს და შემდეგ ეს დასკვნა გადასცეს განაწილების ლიცენზიანტს. ლიცენზიანტი თუ მიაწვდის გაზს ისეთ მომხმარებელს, რომელსაც არ ექნება ასეთი დასკვნა, მაშინ უკვე დადგება ლიცენზიანტის პასუხისმგებლობა და თუ მოხდება გარკვეული ინციდენტი და გამოვლინდება, რომ ლიცენზიანტი აწვდიდა გაზს ისეთ მომხმარებელს, რომელსაც არ ჰქონდა დასკვნა, აუცილებლად მთელი პასუხისმგებლობა გადავა განაწილების ლიცენზიანტზე. ახლა პრობლემა ის არის, რომ ასეთი აკრედიტებული პირები საქართველოში არ არიან. პირველ რიგში, ეს უნდა გავაჩინოთ საკანონმდებლო დონეზე და ამის შემდეგ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი პირები ბაზარზე გაჩნდნენ. ეს შეიძლება, იყოს როგორც სახელმწიფო უწყება, ასევე რომელიმე მუნიციპალური სამსახური, ან ნებიმიერი პირი, თუ კანონმდებლობაში ჩავწერთ, რომელსაც ექნება მიღებული აკრედიტაცია“, - განმარტა ფანგანმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციების დასანერგად არაერთ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, მათ შორის, „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსში“, მთავრობის 101-ე დადგენილებაში, რომელიც გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში და ა.შ.
„ეს იქნება სხვადასხვა საკანომდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიზანი იქნება როგორც უბედური შემთხვევების პრევენცია, ასევე ურთიერთობების დარეგულირება“, - აღნიშნა მან.
ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაში არსებული რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე, ასევე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარი უბედური შემთხვევების გამო. სამინისტრო მუშაობს არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაზე. პირველ რიგში, ეს არის ტექნიკური რეგლამენტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ მოთხოვნები იმ კომპანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ გაზგაყვანილობის მონტაჟს როგორც კორპუსებში, ისე ცალკეულ ბუინებში. მეორე მიმართულება არის ჩვენი გამკაცრებული მოთხოვნები გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ. კონტროლი მკაცრდება, მაგრამ იმავდროულად გვინდა აღვჭურვოთ ისინიც დამატებითი ბრკეტებით, რათა უფრო ოპერატიულად ახორციელონ თავიანთი საქმიანობა და შემოწმება“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, სამინისტრო საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოსახლეობამ იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება ბუნებრივ გაზთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. გარდა ამისა, 21 იანვარს, ვარკეთილში, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელის გაჟონვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.