მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფორმაციის გამჟღავნების თანხვედრა კანონმდებლობასთან

5a1170c83ee2c
ლევან კოკაია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი
19.11.17 15:50
2684
კორპორაციული მართვის სრულყოფილი სისტემის არსებობა წარმოუდგენელია კომპანიის შესახებ არსებითი ინფორმაციის დახურვის პირობებში. პოტენციურ ინვესტორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება კომპანიის საქმიანობის შესახებ სათანადო და სრულ ინფორმირებას. მით უფრო, თანამედროვე სამყაროში, მედიის სხვადასხვა საშუალების განვითარების კვალდაკვალ, სოციალური ქსელების მეშვეობით ისედაც წარმოუდგენელია კომპანიათა კარჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა.

ინფორმაციის გამჟღავნებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს ღია და რა არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
წინამდებარე სტატიაში განხილულია გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შინაარსობრივი მხარე, მისი ადრესატები და აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებული ის რამდენიმე ელემენტი, რომელსაც კავშირი აქვს კომპანიის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან.

1. გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის არსებითობა და მისი ადრესატები

ინფორმაციის გამჟღავნების მნიშვნელობას ხაზს უსვავს ის ფაქტორი, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) მიერ შემუშავებული კორპორაციული მართვის პრინციპებს შორის, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ინფორმაციის გამჭვირვალეობაა.

ეთგო-ს რეკომენდაციით: „უტყუარი ინფორმაციის დროული გამჟღავნება უნდა განხორციელდეს კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას კორპორაციის ფინანსური მდგომარეობის, საკუთრების და კომპანიის მართვის ორგანოების შესახებ“. ეთგო განსაზღვრავს გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის „მნიშვნელოვანების“ რამდენიმე ასპექტს, რაც მოიცავს ინფორმაციას:

• კომპანიის აქციების მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ;
• კომპანიის ფინანსური და საოპერაციო შედეგების შესახებ;
• დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის შესახებ;
• კომპანიის მიზნების შესახებ;
• მსხვილ აქციონერთა, ბენეფიციართა და ხმის უფლების მქონე დანარჩენ აქციონერთა შესახებ;
• სამეთვალყურეო საბჭოს და აღმასრულებელი საბჭოს დაკომპლექტების წესს, პროცედურებს, მათი ვინაობისა და მათთვის გასაცემი კომპენსაციის შესახებ;
• დაკავშირებული გარიგებების შესახებ;
• კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოსალოდნელი რისკის შესახებ;
• კომპანიაში დასაქმებულთა და კომპანიასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეთა შესახებ;

• კორპორაციული მართვის სტრუქტურის და პოლიტიკის შესახებ, რომელიც მოიცავს შიდა კორპორაციული დებულებების შინაარსს და აღნიშნული რეგულაციების განხორციელების პროცედურებს.

ძირითადად გამჟღავნებული ინფორმაციის ადრესატები არიან:

1. კომპანიის მოქმედი აქციონერები (განსაკუთრებით აქტუალურია წვრილ აქციონერთა შესაძლებლობა, რომ მათ იოლად მიუწვდებოდეთ ხელი კომპანიის საქმიანობაზე);
2. შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო, რომლის მიმართაც კომპანიას სამართლებრივი ანგარიშვალდებულება გააჩნია;
3. პოტენციური ინვესტორები, რომელთაც ასევე იოლად უნდა შეძლონ კომპანიასთან დაკავშირებული გარიგების დადებისას სრულად და ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებულნი;
4. კომპანიასთან დაკავშირებული (აფილირებული) პირები;
5. კომპანიის კრედიტორები, რომელთა ინტერესების დაცვასაც ისახავს მიზნად კაპიტალური ტიპის საზოგადოებათა პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმა.
კომპანიის საქმიანობის მიმართ მეტი ნდობის გაჩენისთვის, ინფორმაციის გამჟღავნება მნიშვნელოვანია სამეთვალყურეო საბჭოს და აღმასრულებელი საბჭოს მუშაობის ეფექტურობის შეფასებისთვისაც.

იმისათვის, რომ ინფორმაცია ჯეროვნად იყოს გამჟღავნებული, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შემდეგი ორი პირობა:
1. მისი გამოხატვა უნდა ხდებოდეს ისეთი ფორმით, რაც მარტივად და სრულად ხელმისაწვდომი იქნებოდა საზოგადოების ფართო ჯგუფებისათვის;
2. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ობიექტურ მონაცემებს, რაც თავის მხრივ მოითხოვს როგორც არსებული ინფორმაციის მუდმივ განახლებას, ასევე კომპანიის საქმიანობისთვის რელევანტური შინაარსობრივად ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებასაც. გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი უტყუარი დოკუმენტაციით. (მაგალითად დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით).

2. კომპანიის საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის რამდენიმე მიდგომა
თავისუფალი საბაზრო კონკურენციის პირობებში, კომპანიათა ცნობადობის, მათი საქმიანობის უსაფრთხოების და ასევე, დამატებითი კაპიტალის მოძიების მიზნით, დღეს კორპორაციების მიმართ ერთდროულად დგას ორი ერთმანეთისგან ურთიერთსაპირისპირო მიზანი: 1. კომპანიის ოპერირების შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ისეთი სისტემის დანერგას, რომელიც წინ აღუდგებოდა კონკურენტების მიერ კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას და 2. კომპანიის საქმიანობის იმგვარად დაგეგმვა, რომელიც ზემოაღნიშნული პირველი მიზნისთვის ზიანის მიუყენებლად უზრუნველყოფდა მის შესახებ არსებითი ინფორმაციის გასაჯაროებას.

საქართველოს კანონმდებლობა შინაარსობრივად ეხმიანება ამ ორი მიზნის სისრულეში მოყვანის მცდელობას სხვადასხვა ინსტიტუტის გამოყენებით.

კომერციული საიდუმლოება წარმოადგენს იმ საინფორმაციო ბანკს, რომლის სრულმა ან ნაწილობრივმა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მოუტანოს კომპანიას. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოიცავს ისეთ ცნებას, როგორიც არის „კომერციული საიდუმლოება“, რაც გულისხმობს: ინფორმაციას „კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას“.

მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა, რომ ამა-თუ იმ კომპანიისათვის ხსენებული „სხვა ინფორმაციის“ ქვეშ მოიაზრებოდეს ის ინფორმაციაც, რომელიც ეთგო-ს მიერ შემოთავაზებულია, როგორც დახვეწილი კორპორაციული მართვის სისტემის დანერგვისათვის სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია.
პერსონალური მონაცემის დაცულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ პირისათვის, ვისაც ის ეხება, არამედ იმ კომპანიისთვისაც, სადაც მუშაობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან/და დირექტორი. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემად“ მიიჩნევს „ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით“.

ცალსახაა, რომ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს და აღმასრულებელი საბჭოს წევრთა შესახებ არსებული მონაცემები, რომელთა გამოქვეყნებასაც კორპორაციული მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ითხოვს, წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა ცხადია, რომ ხსენებული კანონის მიხედვით, ფიზიკური პირის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები (მისი სახელი, გვარი, ბიოგრაფია და ფოტოსურათი) არ მიიჩნევა პერსონალურ მონაცემად, თუ კი კომპანიას ექნება აღნიშნული პირის წერილობითი თანხმობა მის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ.

ინსაიდერული ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო მონაცემები. სტატიის მიზნებისთვის მიმოხილული იქნება მხოლოდ არაკეთილსინდისიერი ინსაიდერული გარიგებები, რომელთა დადება კომპანიისთვის მატერიალური ზიანის მომტანია.

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით:
„1. ინსაიდერული ინფორმაცია ნიშნავს არასაჯარო, არსებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან.

2. ინსაიდერად ჩაითვლება პირი, რომელსაც თავისი წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ ინფორმაციაზე. ინსაიდერად ჩაითვლებიან აგრეთვე სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს ინსაიდერული ინფორმაცია და, ჩანს, რომ ამ ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი.
3. ინსაიდერს ან პირს, რომელიც შეგნებულად მიიღებს ინსაიდერისაგან შიდა ინფორმაციას, ეკრძალება:
ა) თავისთვის ან მესამე პირის ინტერესებისათვის, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეიძინოს ან გაყიდოს იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ან საწარმოების საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინსაიდერულ ინფორმაციასაც ის ფლობს;
ბ) მიაწოდოს მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია, თუ ეს ქმედება არ არის გამოწვეული მისი საქმიანობის, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

გ) ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ურჩიოს მესამე პირს ან მონახოს მესამე პირი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან გასასხვისებლად”.
ასევე საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც დასჯადად აცხადებს „ინსაინდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებას, გადაცემას, გახმაურებას ან გამოყენებას“.

ინფორმაციის გამჟღავნების მიზნებისათვის, ციტირებული ნორმები შინაარსობრივად ყურადღებას ამახვილებენ კომპანიის მმართველობითი ორგანოების წევრთა შესაბამის ვალდებულებებზე და იმ კრიტერიუმებზე, თუ რა სახის ინფორმაციის გამჟღავნება ჩაითვლებოდა ინსაიდერულ გარიგებად. ასევე საგულისხმოა შესაძლო ინსაიდერული გარიგების დადების ხერხიც, რომელიც მიზანმიმართულად კომპანიის სტაბილური ფუნქციონირებისათვის ზიანის მომტანია.

ანგარიშვალდებული საწარმოსთვის გათვალისწინებული მაღალი სტანდარტი ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ შესახებ საქართველოს კანონი ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოიცავს კომპანიის შემდეგ ვალდებულებებს: 1. ფასიანი ქაღალდების განთავსების შემდგომ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება; 2. ფინანსური და აუდიტორის დასკვნების გასაჯაროების ვალდებულება; 2. წლიური, ნახევარწლიური და მიმდინარე ანგარიშების წარდგენის ვალდებულება და 4. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულად შენახვის ვალდებულება.

საქართველოს კანონმდებლობის ციტირებული ნორმები არ ზღუდავენ კომპანიებს, რომ მათ თავად განსაზღვრონ, თუ რა ინფორმაცია მიიჩნიონ კონფიდენციალურად და რა სახის ინფორმაცია გაასაჯაროონ. ცხადია, ცოტა უფრო მეტი იმპერატიულობით გამოირჩევა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე დებულება, რომელიც ღია სააქციო საზოგადოებებს ავალდებულებს გაკრვეული პერიოდულობით შესაბამისი ინფორმაციის გაცემას და გასაჯაროებას. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება წარმოადგენს ანგარიშვალდებულ საწარმოთა გაწერილ ვალდებულებას და არა მის არჩევანს იმის თაობაზე - გაასაჯაროოს თუ არა კანონით რეგლამეტირებული ესა-თუ ის ინფორმაცია.
რაც შეეხება კორპორაციულ საიდუმლოებას და პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროებას, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა არ არის მკაცრი და კომპანიებს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ განსაზღვრონ ისეთი საკითხები, როგორიც არის: 1. ამა-თუ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ; 2. საჯაროდ მიჩნეული ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ; 3. ინფორმაციის გამოქვეყნების მასშტაბის შესახებ; 4. იმ საშუალებების შესახებ, თუ რა გზით სურთ კომპანიებს მათი გასაჯაროება; 5. საჯაროდ განცხადებული ინფორმაციის შევსების, განახლების, ჩანაცვლების ან/და მთლიანი ან ნაწილობრივი ამოღების შესახებ და 6. გასაჯაროებული კორპორაციული ინფორმაციის საჯაროდ განცხადების ვადის შესახებ.
კანონმდებლობის მსგავსი მიდგომა კომპანიებს უტოვებს შესაძლებლობას, რომ მათ სურვილის მიხედვით შეარჩიონ კორპორაციული მართვის ესა-თუ ის მოდელი, სრულად ან ნაწილობრივ გაიზიარონ ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიღწევები და თავად განსაზღვრონ სრული საინფორმაციო პოლიტიკა, რაც უდავოდ მისასალმებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები