მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი: ნორმალური მადლობა არ უთქვამს მამუკა ხაზარაძეს

5bd2d536d61c1
BM.GE
26.10.18 12:48
11788
"ნორმალური მადლობა არ უთქვია ხაზარაძეს",- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა თიბისი ბანკის პრეზიდენტზე მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის შეხვდა 2 დაპირისპირებულ მხარეს - თიბისი ბანკსა და ვანო ჩხარტიშვილს, რომელთაც სასამართლო დავა ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან ვანო ჩხარტიშვილი დაარწმუნა, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის მოგების შემდეგ დავა აღარ გაეგრძელებინა თიბისისთან. ივანიშვილის თქმით, ვანო ჩხარტიშვილი ასეც მოიქცა და ამისთვის მადლობელია, თიბისი ბანკის ტოპმენეჯერებისგან კი ამის გამო მადლობაც არ მიუღია.

„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით და ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას გამოვხატავ. აგერ თიბისი ბანკი, ნორმალური მადლობა არ უთქვია ხაზარაძეს.

სასამართლო ძალიან რთული სისტემაა. არავის არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადაადგილებს. არა. მე რაც მოვახერხე ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე. ყველა გაფრთხილებულია და იციან სასამართლოში, რომ როგორც კი გამოვა იქიდან ხმა, რომ რაღაც საქმეზე კითხვები გაჩნდება, პირველი მე დავდგები წინ, რომ კორუფცია არ იყოს სასამართლოში. არცერთი პრეცენდენტი არ არის სასამართლოში კორუფციული გარიგების. ამ მძიმე თემებში მე გარედან ვეხმარებოდი, მიუხედავად ამისა, ნახეთ, როგორ ესხმიან თავს სასამართლოს“,- აცხადებს ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში თიბისი ბანკსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა. თიბისი ბანკი აცხადებდა, რომ ბიზნესმენს მათთან აკავშირებდა მრავალმილიონიანი სასესხო დავალიანება, რომლის მომსახურებაც არ ხდებოდა წლების განმავლობაში ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ.

„შესაბამისად 2010 წელს, კანონის სრული დაცვით, მოხდა დაგირავებული ქონების, ფოთის წისქვილქარხნის გასხვისება”,- ნათქვამი იყო 2 წლის წინ ბანკის მიერ გავრცელებულ წერილში.

თავად ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი კი თიბისი ბანკს და შპს აგრიკომს ფოთის წისქვილკომბინატის მესაკუთრეობას ედავებოდა.

წისქვილკომბინატი „აგრიკომმა“ ჩხარტიშვილისგან 2010 წლის 20 დეკემბერს შეიძინა. იმ პერიოდში ობიექტი იპოთეკით იყო დატვირთული თიბისი ბანკში. ვინაიდან ჩხარტიშვილმა კრედიტი ვერ დაფარა, წისქვილკომბინატი 2, 9 მილიონ დოლარად გაიყიდა. დღეს ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც შესაძლოა, მოგების სახით „წისქვილქარხნის“ ფუნქციონირებისგან მიეღო. საუბარია 32 მილიონ დოლარზე.

თუმცა, „თიბისის“ ბანკის განმარტებით, იმ პერიოდში „წისქვილკომბინატი“ წამგებიანი იყო და შემოსავალი არ გააჩნდა. შესაბამისად, შემოსავლის ნაწილში კომპანიას ზიანი ვერ მიადგებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები