მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

5bace6e598cc7
BM.GE
27.09.18 18:25
1739
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა. კოდექსის მიზანია კომერციული ბანკების კორპორაციულ მართვაში არსებული საერთაშორისოდ აღიარებული მოწინავე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, დადებითაც აისახება საბანკო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობაზე.

"საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ კორპორაციული მართვის კარგი პრაქტიკა ხელს უწყობს რისკების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მათი ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას. გაუმართლებელი რისკების აღება, სხვადასხვა საოპერაციო დანაკარგები და რეპუტაციული რისკები, ხშირ შემთხვევებში, სწორედ კორპორაციული მართვის არაჯანსაღ პრაქტიკას უკავშირდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ინვესტორები გადაწყვეტილების მიღებისას ჯანსაღი კორპორაციული მართვის პრაქტიკის არსებობას ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად განიხილავენ. ამგვარად, ჯანსაღი კორპორაციული მართვის პირობებში ბანკებს კაპიტალის იაფად მოზიდვის შესაძლებლობები ეზრდებათ.

შემოთავაზებული კორპორაციული მართვის კოდექსი ეფუძნება აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის "კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების სახელმძღვანელოს", ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპების დოკუმენტს, ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV – CRR) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA-European Banking Authority) რეკომენდაციებსა და სხვადასხვა კვლევებს.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კოდექსი აერთიანებს საერთაშორისოდ მიღებულ მოთხოვნებს, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის კუთხით, რაც ითვალისწინებს საბჭოს დამოუკიდებელი წევრებითა და გენდერულად დაბალანსებულ დაკომპლექტებას. კერძოდ, კოდექსის თანახმად, კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ერთ მესამედს საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა წარმოადგენდნენ. ამასთან, საბჭოს შემადგენლობაში მინიმუმ 20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა იყოს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. აღნიშნული მოთხოვნები ეფუძნება სხვადასხვა კვლევას, რომელთა მიხედვითაც, სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა ინტერესთა კონფლიქტის გარდა, ამცირებს რისკიან გადაწყვეტილებებს. კვლევების მიხედვით, გენდერულ დივერსიფიკაციასა და რისკიანობას შორის უარყოფითი ურთიერთკავშირია, შედეგად, ქალები, საშუალოდ, უფრო მეტად არიან რისკის მიმართ ნეგატიურად განწყობილები, ვიდრე მამაკაცები.

ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, კოდექსი განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე სხვადასხვა კომიტეტის შექმნის, დირექტორატის, მათ შორის რისკების მართვის დირექტორის, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, ბანკის რისკების მართვასთან, შიდა აუდიტთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. კოდექსით წახალისებულია ბანკების მიერ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან უფრო მაღალი შესაბამისობა, რადგან აღნიშნული პოზიტიურად იქნება შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ფარგლებში.

კორპორაციული მართვის კოდექსის მიღებამდე ეროვნულმა ბანკმა არაერთი თანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა შესაბამისი მოთხოვნების შემუშავებასა და დანერგვაზე. კერძოდ, 2017 წელს მიღებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის" ფარგლებში, რომელიც ბაზელ III-ის ჩარჩოს ეფუძნება, ბანკებს კვარტალური და წლიური ანგარიშების გამოქვეყნება დაევალათ. წლიური ანგარიშები მოიცავს კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას, ასევე, რაოდენობრივ ინფორმაციას უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და საოპერაციო რისკების შესახებ (პილარ 3-ის წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე). ამასთან, 2018 წლის ივლისში კომერციული ბანკებისათვის "ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი" დამტკიცდა. ეთიკის კოდექსის მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტი, დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებებისა და წინადადებების მიღების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნა. ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ყველა მათგანს კოდექსის მოთხოვნების ანალიზში აქტიური მონაწილეობისა და მიწოდებული შემოთავაზებებისათვის",- განმარტავენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები