კომპანიებს მოვთხოვთ, უფრო მცირე ვადებში დაასრულონ სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს. ასე ეხმაურება ის თბილისის მერის განცხადებას, რომ ვარკეთილის ხიდების მშენებლობაზე მომუშავე კომპანიამ 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშავოს, რასაც არ აკეთებს.
„საუბარი არ არის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. საუბარი იმაზეა, რომ დედაქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა მასშტაბური პროექტის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს ზაფხულის პერიოდში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გასულია. აქ საუბარია იმაზე, რომ უფრო სწრაფ ტემპებში, უფრო მობილიზებულად გაკეთდეს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ჩვენ დღესვე გვექნება კომპანიებთან შეხვედრა და მოვთხოვთ, რომ მობილიზება გააკეთონ. ჩვენ გვაქვს სურვილიც და მოთხოვნაც, რომ რა ვადებიც ხელშეკრულებაშია მოთხოვნილი, ყველა კომპანიამ ნება იბოძოს და ამ ვადებში დაასრულოს სამუშაოები.
არის გარკვეული კონტრაქტები, რომლებშიც არის ვადაგადაცილებები, გარკვეული კომპანიების დაჯარიმებაც ხდება პერიოდულად, თუმცა, ყოველთვის უკეთესია წინასწარ შეთანხმებულად მიმდინარეობდეს ეს პროცესი“,- აცხადებს ირაკლი ბენდელიანი.