"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის" გაფართოების მიზნით საქართველოს მთავრობა 50 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. შედეგად, აეროპორტის გამტარუნარიანობა სამჯერ გაიზრდება და პიკურ საათში ერთდროულად 1000 მგზავრს მოემსახურება, - ამის შესახებ Bm.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქეთი ალექსიძემ განუცხადა.
"ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი გასულ წელს საგრძნობლად გაიზარდა, წელსაც საკმაოდ დიდ ზრდას ველით, კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შემოჰყავს ავიაკომპანია "ვიზეარს", რომელიც რამდენიმე ახალი მიმართულებით იფრენს, ასევე დაგვემატა "ფლაი დუბაი" და კიდევ, ზაფხულის სეზონისთვის, რამდენიმე ავიაკომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, ამიტომ, დადგა დღის წესრიგში, ქუთაისის აეროპორტის გაფართოება. მისი შესაძლებლობები არ იყო გათვლილი მსგავს მგზავრთნაკადზე პიკური საათის დროს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ,,აიატა კონსალტინგთან“ ერთად გავაკეთეთ მგზავრთნაკადის ზრდის ანალიზი, ასევე გავითვალისწინეთ, თუ როგორი გვინდა იყოს აეროპორტის მომსახურების სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად რა ინფრასტრუქტურული მოთხოვნები გვაქვს.
აქედან გამომდინარე, "იუ ენ სტუდომ", რომელიც იყო ძველი ტერმინალის არქიტექტორიც, გააკეთა ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც სამჯერ ფართოვდება არსებული ტერმინალი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს პიკურ საათში 1000 მგზავრს მოვემსახუროთ. ასევე, უკვე გავაფართოვეთ საჰაერო ხომალდების ბაქანი, შეგვიძლია ცხრა თვითმფრინავის ერთდროულად მიღება და დავამატეთ სამიმოსვლო ბილიკი, რომ უფრო მარტივი იყოს თვითმფრინავებისთვის ასაფრენი ზოლის დაკავება და იქიდან გამოსვლა. მუშაობა აქტიურ ფაზაშია და სადღაც, წლის ბოლოსთვის, ვგეგმავთ გაფართოებული აეროპორტის გახსნას“ - განაცხადა ქეთი ალექსიძემ.
"ქუთაისის აეროპორტი" 2017 წელს 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ანუ 49%-ით მეტს, ვიდრე 2016 წელს. როგორც ქეთი ალექსიძე განმარტავს, მიმდინარე წელსაც, თითქმის იგივე რაოდენობით ზრდას ელიან.